აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს
By

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ლეა გუტიერესს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა ADB-სთან 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგიით განსაზღვრული პროგრამების მიმდინარეობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

 

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან აქვს ინტენსიური თანამშრომლობის დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე. საუბარი შეეხო ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, რეგიონულ, მუნიციპალურ და სხვა სექტორებში. ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან როლს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ორმხრივი და რეგიონული მიმართულებით. წელს, აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას უზბეკეთის რესპუბლიკა, ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს.

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასაც შეხვდა.  მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ბანკის პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარია, მათ შორის, მიმდინარე პროექტების ღირებულება 2 მილიარდს აღემატება და დამატებით მიმდინარეობს მუშაობა 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების პროექტებზე მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და საშუალოვადიანი პროგნოზები.

 

მან ADB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე ინვესტიციებისთვის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: გზები, ენერგეტიკა, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რომელიც უკავშირდება შუა დერეფნის პროექტში საქართველოს სატრანსპორტო, ლოგისტიკური პოტენციალის, ციფრული კავშირების, ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმაც აღნიშნა საქართველოს როლის გაძლიერება შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გზით  და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ორმხრივ და რეგიონულ დონეზე.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ADB-ის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი ლიზა რაითი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

  • No Comments
  • მაისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *