სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებთან
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩის წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელი, მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ტაუფიკ ლამსუჰური და ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობითი ოფისის საპატიო წარმომადგენელი ეკონომიკურ საკითხებში სალომე კუჭავა ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ინდონეზიის რესპუბლიკის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამის გაცნობა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობების განხილვა, ასევე, ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: Darmasiswa Scholarship Program და KNB Scholarship, რომლებიც უცხოელი სტუდენტებისთვის ინდონეზიაში სწავლისა და კულტურის გაცნობის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის. პროგრამები მიზნად ისახავს საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას, განათლების ხარისხის ამაღლებას და სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შორის მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას.