ელექტროენერგიის გაზრდილი სუბსიდია – ახალი შეღავათები სოციალურად დაუცველებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სუბსიდირების მოცულობა იზრდება სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის პირობებში ბენეფიციარებისთვის გადასახადი პრაქტიკულად უცვლელი დარჩეს.
ახალი წესით, 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს დამატებით 5 თეთრი დაუფინანსდებათ თითო კვტ/სთ-ზე. შედეგად, ისინი ჯამურად მიიღებენ სუბსიდიას, რომელიც 8.5 თეთრს აღწევს (მანამდე ეს მაჩვენებელი 3.5 თეთრი იყო).
რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს აღემატება, თუმცა არ სცდება 150 000-ს, მათთვის გათვალისწინებულია 200 კვტ/სთ ელექტროენერგიის სუბსიდირება 8.5 თეთრის ოდენობით თითო კვტ/სთ-ზე, რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია.
ცვლილებები შეეხება ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიას და არ გავრცელდება მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტზე.
მნიშვნელოვანი სიახლეა მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც. მათთვის ელექტროენერგიის კომპენსაცია 20 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება, დამატებით კი ყოველ მომდევნო შვილზე 10-ლარიანი დახმარება გაიცემა.
მთავრობის გადაწყვეტილება უკვე ამოქმედებულია და ძალაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შევიდა.