ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა. აღნიშნული განცხადება ერდოღანმა თურქეთის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მან ბრიუსელს მოუწოდა, თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისა და რიტორიკისგან, რამაც, შესაძლოა, „კონსტრუქციული პოზიცია“ დააზარალოს, რასაც, მისი აზრით, ბრიუსელი ძალიან უნდა აფასებდეს. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც ადრე იყო და, რომ მსოფლიო აღარ შემოიფარგლება დასავლური ქვეყნების გავლენის სფეროებით“, – განაცხადა ერდოღანმა.
მან ევროკავშირს მოუწოდა აღიაროს, რომ თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე, ის გლობალურ მოთამაშედ ან მიზიდულობის ცენტრად ვერ ჩამოყალიბდება.
„ევროკავშირის სტრატეგიული სიბეცე თურქეთთან მიმართებით, სამწუხაროდ, ნარჩუნდება და ეს ბევრ ინსტიტუტში შესამჩნევია“, – დასძინა ერდოღანმა.
როგორც თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, სად დგას ანკარა, არამედ იმაში, თუ სად ხედავს ბრიუსელი საკუთარ თავს მომავალში. ერდოღანის აზრით, ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა. „და ეს საჭიროება ხვალ უფრო გაიზრდება“, – თქვა მან.