სერვისით 1 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
აჭარაში დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით სკრინინგის მორიგი ფართომასშტაბიანი კამპანია გაიმართა. მრავალპროფილური კვლევები ბათუმში, თამარის დასახლების მოსახლეობისთვის ჩატარდა. პროცესს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ.
კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ესარგებლათ სამედიცინო კვლევებითა და ექიმთა კონსულტაციებით. ჩატარდა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ასევე B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციისა და ტუბერკულოზის გამოკვლევები.
კვლევები ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის – ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“ ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია დაავადებების ადრეული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა.
საყოველთაო გამოკვლევები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდა. სერვისით წელს რეგიონში 1 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.