სკრინინგის კამპანია – შუახევში
შუახევის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა.
სკრინინგის პროცესს ადგილზე ესწრებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ცნობილი ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე, რომელიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო მიმდინარე პროცესს, შეხვდა მოსახლეობას და პრევენციული კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ავთანდილ ფუტკარაძე.
კამპანიის ფარგლებში ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული გამოკვლევები ინფექციურ დაავადებებზე — აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე, ასევე, ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის მიზნით, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოზე. პარალელურად ჩატარდა არაგადამდები დაავადებების პრევენციული კვლევებიც, რაც მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და მართვისთვის.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სადაც ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ინფორმირების გაძლიერებასა და სკრინინგ პროგრამებში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ონკოლოგიური დაავადებების მართვა, ასევე, აივ ინფექციისა და B და C ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და თერაპია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე.
თამაზ მგზავრიძე