არის გარკვეული დინამიკა – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-სთან ურთიერთობების ახალ პერსპექტივებზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში რამდენიმე დელეგაციის ვიზიტი იგეგმება, რაც, მისი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობის ფორმატების განსაზღვრის შესაძლებლობას შექმნის. როგორც მინისტრმა განაცხადა, მიმდინარე კვირაში საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოვა, ხოლო მაისის მეორე ნახევარში კიდევ ერთი ვიზიტია დაგეგმილი.
„გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შევეხოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს, იმას, თუ სად ვართ და რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები. მაისის მეორე ნახევარშიც იგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი, სადაც კიდევ უფრო მეტად, სიღრმისეულად განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ერთი სიტყვით, არის გარკვეული დინამიკა და იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობები ბევრად უფრო შინაარსიანი და პოზიტიური იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის განვითარებას სჭირდება აქტიური დიალოგი და პოზიციების გაცვლა.
„ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი პოზიციები და დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვერავინ ვერ უარყოფს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების როლს ჩვენს რეგიონშიც და გლობალურად. რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური ინტერესი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იყოს კარგი. ჩვენ გვქონდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ იქნა შეჩერებული თუ გაუქმებული. რა თქმა უნდა, გვაქვს ინტერესი, რომ ჩვენი ურთიერთობები მოექცეს პოზიტიურ ჩარჩოებში და ეს იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ჩვენს ინტერესებზე – რა ინტერესები აქვს საქართველოს, რა ინტერესები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სად არის გადაკვეთის წერტილები და რა არის ის ჩარჩოები, რაშიც ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა განვავითაროთ. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მუშაობა. სჭირდება ძალიან ბევრი გაცვლა პოზიციების და ძალიან სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება, რათა იყოს ამ შეხვედრების და ჩვენი პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ხელოვნური კონკურენციის შექმნის მცდელობები რეალურ საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, წლების განმავლობაში აშენებული სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების მნიშვნელობის დაკნინებაზე საუბარი არასერიოზულია, ხოლო რეგიონული კონკურენციის გაღვივების მცდელობები, უშედეგო.
„რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირის ბიუროკრატიიდან, მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტში ვიყავი, ჩემთან საუბარში ახსენა ასეთი რამ: ახლა თქვენ ჩაგანაცვლებთ სომხეთით და ნახავთ მერე, როგორ იქნება ამბავიო. მაშინ კი ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა, ჩაენაცვლებინა ბიუროკრატიას საქართველო სომხეთით, რა ლოგიკით და სად ხდებოდა საქართველოს ჩანაცვლება. შემდგომ ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი, რა გეგმით მოძრაობდნენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები ბრიუსელის ბიუროკრატიაში. ეს სასაცილოა, ამას სერიოზულად, უბრალოდ, ვერ აღვიქვამთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე შეფასებით, რეგიონში თითოეულ ქვეყანას საკუთარი როლი და მნიშვნელობა კარგად აქვს გაცნობიერებული.
„ჩვენ არც საეჭვიანო გვაქვს რამე და არც სანერვიულო. არსებობს მოქმედი მარშრუტები, ათწლეულების განმავლობაში ნაშენები გზები, რომელსაც ევროპაში მიაქვს ენერგორესურსები. ის, რომ ამან დაკარგოს მნიშვნელობა, ამაზე ლაპარაკიც კი არასერიოზულია. თუმცა მცდელობებია, არა მხოლოდ გზებისა და მარშრუტების, ხედავთ ევროინტეგრაციის პროცესშიც კი ცდილობენ გარკვეული კონკურენციის გაჩენას რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ასევე, ღიმილის მომგვრელია.
ამ რეგიონში სამივე ქვეყანამ კარგად ვიცით ჩვენი როლი, ჩვენი ფასი. შესაბამისად, თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ გააღვივოს არასაჭირო კონკურენცია, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მოკლებულია რეალურ შესაძლებლობებს, ვინმემ ამ მხრივ წარმატებას მიაღწიოს“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.