ტარიელ ფუტკარაძე გაიხსენეს
9 მაისი აწ გარდაცვლილი ცნობილი მეცნიერის, პოლიტიკოსის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერის, პროფესორის, ქართველოლოგის, 23 დოქტორანტის ხელმძღვანელის, რამდენიმე ჟურნალისა და გაზეთის დამფუძნებლისა და სარედაქციო კოლეგიის წევრის ტარიელ ფუტკარაძის დაბადების დღეა. ა(ა)იპ „ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა. სხდომა დალოცა ეროვნული მოძრაობის, პარტია – „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიანმა (სამხარაძე).
დამსწრეთ მიესალმნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი და ქართველური ენათმეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია.
მეგობარი, კოლეგა, მეცნიერი, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი გაიხსენეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მოგონებებით წარდგნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ეთნოლოგი როლანდ თოფჩიშვილი, ენათმეცნიერები: მანანა ტაბიძე, ივანე ლეჟავა, მიხეილ ლაბაძე, ნათია ფუტკარაძე, ისტორიკოსები: ზურაბ პაპასქირი და მიხეილ ქართველიშვილი.
ღონისძიების ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ოთარ ცინარიძე