შალვა პაპუაშვილი : რადიკალური ოპოზიცია აგონიაშია
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 26 მაისთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის განცხადებები, ძალადობისა და არეულობის მცდელობად აღიქმება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმას, თუ ვინ დაესწრება ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღის ღონისძიებას.
„მე ერთადერთი, ვისი აზრიც მაინტერესებს, ეს არის რამდენიმე ელჩის აზრი, ართმევენ თუ არა ხელს მათ, ვინც 26 მაისს ცდილობს, რომ კიდევ ერთხელ დააანონსოს ძალადობა – ამას ჩვენ მალე ვიხილავთ!
ჩვენ ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ იმ ხალხს, რომლებიც 26 მაისს ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენს კითხვაზე, თუ ვინ დგას ამ მორიგი არეულობის მცდელობის უკან. ამავე დროს, ერთი რამე ვიცით ძალიან კარგად, რომ ეს არის ამ ადამიანების დამოკიდებულება, რომლებსაც პოლიტიკოსებსაც ვერ ვუწოდებ, ვინაიდან არიან ჩვეულებრივი, გარედან დაკვეთის შემსრულებელი ხალხი, რომლებიც, როდესაც ხალხთან მიდიან, 5-7 კაცი იკრიბება, მაგრამ ელჩებთან ჯგროდ და კარგად დაკომპლექტებულები მიდიან.
სამწუხაროდ, ეს არის საქართველოს თანმდევი ისტორია. ასე ხდება ახლაც, როდესაც მოსკოვი ჩაანაცვლეს ბრიუსელით და ზოგი სხვა დედაქალაქით და მიდიან ბრიუსელში, რათა ჩამოიცილონ კონკურენტები. მოღალატეს ისტორიაში ყოველთვის მიეზღვა თავისი და ასე აქვს მიზღული ამ დაჯგუფებასაც ქართველი ხალხის მხრიდან.
ეს არის ჩვეულებრივი აგონია, რაშიც ჩავარდნილია დღეს რადიკალური ოპოზიცია. მათ ვერ შეასრულეს ვერც ერთი დავალება, რომელსაც გარედან იღებენ – ქვეყნის არევის, დამხობის, გადატრიალების, სისხლის ღვრის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული პროცესების ფონზე, ოპოზიციის მიმართ ტერმინი „ერთობა“ აღარ უნდა გამოიყენებოდეს.
„ეს არის დანაშაულებრივი ერთობა, დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, დღეს ჩვენ ამ დაჯგუფებების სახით გვაქვს დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელიც ცდილობს საქართველოს დაზიანებას. ყველაფერ ამას უნდა შევხედოთ როგორც დანაშაულის დაგეგმვას, ორგანიზებას, დანაშაულის განხორციელებას, ვინაიდან ეს არის ერთი დიდი პოლიტიკური დანაშაული და რიგ შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ დანაშაულში იზრდება ხოლმე, რომელსაც ისინი ჩადიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ასე რომ, უნდა შევხედოთ როგორც პოლიტიკურ კრიმინალებს, რომელთაც აქვთ დანაშაულებრივი ერთობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.