პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება
By

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება

ევროპის დღის აღსანიშნავად საქართველოში მრავალფეროვანი ღონისძიებები, კულტურული აქტივობები და საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ ევროკავშირის ქვეყნებს, მათ კულტურასა და ევროპულ ღირებულებებს. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. მან ისაუბრა ევროკავშირსა და საქართველოს მრავალწლიან თანამშრომლობაზე, ქვეყნის კულტურულ უნიკალურობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ევროპულ მომავალს ანიჭებს. ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დემოკრატიულ განვითარებას ეფუძნება და მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, კვლავ არსებობს იმედი, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
„დღეს ევროპის დღეა! ამ დღეს ვზეიმობთ ევროპის ერთიანობას და ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას საქართველოსთან, თქვენთან. დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირი ეხმარება საქართველოს წინსვლაში და რაც მთავარია, ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. და თუ მაინც, დღემდე ჩნდება კითხვა – რა არის ევროპა – ნება მომეცით, გითხრათ: ევროპა არის მრავალფეროვნების სივრცე, სადაც თითოეული სახელმწიფო არათუ ინარჩუნებს, არამედ აძლიერებს თავის კულტურას, იდენტობასა და ტრადიციებს. საქართველო სწორედ თავისი უნიკალურობითა და მდიდარი კულტურით იწვევს ევროპის აღტაცებას. ჩვენ თქვენს საამაყო ისტორიაში ვპოულობთ შთაგონებას. თუმცა, ევროპული ოჯახის წევრობისთვის ეს საკმარისი არ არის. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე – „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება. ამიტომ, მზად ვართ, განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საუკეთესო გზა. ამას ადასტურებს ევროკავშირის არსებობის თითქმის 80-წლიანი ისტორია. საქართველოს მომავალი თავად ამ ქვეყანას და მის ხალხს, თქვენ გეკუთვნით. წინ, საქართველო, წინ!“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

 

 

  • No Comments
  • მაისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *