დენის სალუქვაძე ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრო
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, თბილისის ისტორიულ უბანში, გუდიაშვილის მოედანზე, ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების, მარნებისა და ღვინის ბარების პროდუქცია, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინის მრავალფეროვნებასა და მეღვინეობის ტრადიციებს.
„ქართული მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია ჩვენი კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ მას ერთი განსაკუთრებული დღე მიეძღვნას. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ღვინის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოსთვის. ეს არის შესაძლებლობა მეღვინეებისთვის, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი პროდუქცია, ხოლო ღვინოსთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართოს მსჯელობა, დისკუსიები და გამოცდილების გაზიარება. ღვინო ჩვენი ცხოვრების წესის, კულტურისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში ღვინო ქართველი ხალხის თანამგზავრი იყო და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ეროვნული დღე ასეთ მასშტაბურ და გამორჩეულ ფორმატში აღინიშნებოდეს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ღვინის გამოფენა-დეგუსტაციის პარალელურად, გუდიაშვილის მოედანზე სტუმრებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობაც იმართება. განახლებული ისტორიული სივრცე ქართული ღვინის 8000-წლიან კულტურას თანამედროვე ინტერპრეტაციით აცოცხლებს და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში გაეცნონ როგორც მეღვინეობის ისტორიულ ტრადიციებს, ისე თანამედროვე ღვინის კულტურას.