პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 11 მაისს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
მათივე ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
„2026 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. კვლავ გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც.
აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად გაიცემა როგორც პროფესიული განათლების დიპლომი, ასევე სრული ზოგადი განათლების ატესტატი, რაც უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის. რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში. 2026 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე – vet.ge.
პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.