არჩილ სირაბიძემ სამინისტროს 4-წლიან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა
By

არჩილ სირაბიძემ სამინისტროს 4-წლიან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2027-2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების პრეზენტაცია გაიმართა. მინისტრის მოადგილე არჩილ სირაბიძემ სამინისტროს 4-წლიან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის 2026 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 109,5%-ით შესრულდა, 2027 წლის საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი კი 870 მლნ ლარს შეადგენს.

„2027-2030 წლებში აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა – 78,1 მლნ ლარით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – 3,8 მლნ ლარით, მთის კურორტების და სარეკრეაციო ადგილების განვითარება კი 83,5 მლნ ლარით დაფინანსდება.

სამინისტროს 4-წლიანი სამოქმედო გეგმა მაღალმთიანი აჭარის ინტენსიურ განვითარებას ითვალისწინებს. ზამთრის კურორტის არსებულ საბაგიროებს ახალი, დაახლოებით, 3 კმ სიგრძის საბაგირო ხაზი და სათხილამურო ტრასები დაემატება. ხულოს მუნიციპალიტეტში, ასევე, თაგოს საბაგიროს რეკონსტრუქცია განხორციელდება. დაგეგმილია ტექნიკურად გაუმართავი არსებული სადგურების დემონტაჟი და ახალი თანამედროვე სტანდარტების სადგურების მშენებლობა. 2027-2030 წლების ბიუჯეტი 19,0 მლნ ლარი იქნება.

აქტიურად გაგრძელდება ერთ-ერთი მასშტაბური, მყარი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურული პროექტი, რაზეც 139,3 მლნ ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში, საქართველოში პირველი, თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი აშენდა. პროექტი ასევე, ბათუმსა და ქობულეთში მდებარე, კანონმდებლობასთან შეუსაბამო, ნაგავსაყრელების დახურვას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის დასრულების შემდეგ, აჭარის 39 სოფელი და დაბები უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით ისარგებლებენ. 2027-2030 წლების ბიუჯეტი 101,2 მილიონი ლარი იქნება.

2027-2030 წლებში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა 52 139,4 მლნ ლარით დაფინანსდება. მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში 1077 ბინა მოეწყობა.

დასკვნით ეტაპზეა ასევე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მასშტაბური პროექტი. გაზსადენი ბათუმი-გოდერძის უღელტეხილის 120 კმ სიგრძის მონაკვეთს მოიცავს.

4-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გაგრძელდება ბათუმის ინდუსტრიული ზონის განვითარება. ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე 38 საინვესტიციო პროექტი უკვე მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება, 48,7 მლნ ლარს შეადგენს.

2027-2030 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა 281 მლნ ლარით დაფინანსდება.

რეკრეაციული ადგილების განვითარებაზე 58,9 მლნ ლარი დაიხარჯება!“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • მაისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *