ხულოში აბუსერისძე ტბელის ძეგლი დაიდგა
დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სკვერი მოეწყო, რომელიც ადგილობრივებისა და მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი და თავშეყრის სივრცე იქნება.
3900 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და შეიქმნა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე. სკვერში მოეწყო ბავშვთა გასართობი და სპორტული ზონები, მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა და დაიდგა ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობარისა და ასტრონომის აბუსერისძე ტბელის ძეგლი. ასევე, განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის მცენარეები დაირგო.
– თაობების ოცნება იყო ხულოში ცნობილი ჰიმნოგრაფის, დიდი მოაზროვნის აბუსერისძე ტბელის ძეგლის დადგმა, რაც ჩვენს დროში განხორციელდა. გვჯერა, რომ ეს სკვერი ხულოელების, უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის სავიზიტო ბარათი იქნება, – თქვა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.
ცოტნე ცაბაძე