ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს.
„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები 2008 წლიდან არის ოკუპირებული, ეს თითქმის 20 წელია. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს. ეს მათ თავად აირჩიეს, თუმცა, სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობა ამას არ წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ვიმედოვნებთ, რომ არსებობს მომავალი და მოდი, ერთად ჩავერთოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იმუშაოს საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის და ამავე დროს, აჩვენოს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც არ სურს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნა“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.