საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობა და ევროინტეგრაცია – შეხვედრის მთავარი თემები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე რიხარდ რაშის ბრატისლავაში შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო კავშირებზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
შალვა პაპუაშვილმა სლოვაკურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ევროკავშირთან დიალოგისთვის ყოველთვის ღიაა“.
რიხარდ რაშიმ კი განაცხადა, რომ „სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მისივე თქმით, საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ენერგეტიკული პარტნიორია. „საქართველო დარჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო საყრდენად“, – აღნიშნა რიხარდ რაშიმ და ხაზი გაუსვა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
„საქართველო არის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სატრანსპორტო გზა. შესაძლოა, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რომ გვჭირდება კონკრეტული ადგილები, საიდანაც ენერგორესურსებს მივიღებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, გვჭირდება უსაფრთხო სატრანსპორტო გზა. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს რესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რაც ხდება უკრაინის კონფლიქტსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველო დარჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო საყრდენად. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც სლოვაკეთი სხვადასხვა საგრანტო პროგრამით უჭერს მხარს. ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანი და დინამიკურია არა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის წინა ვიზიტის გამო, არამედ იმის გამოც, რომ სხვადასხვა მინისტრებმა უკვე მოინახულეს სლოვაკეთი. ჩვენ შევქმენით სამთავრობათაშორისო კომისია თანამშრომლობისთვის. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლით სლოვაკეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. ქართველებისთვისაც უფრო მარტივი გახდა სლოვაკეთში ჩასვლა. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთა გაფართოებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, არსებობს დიდი პოტენციალი ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ვისაუბრეთ კულტურის სფეროში თანამშრომლობაზეც – ეს არის სფერო, სადაც ორივე ქვეყანას შეუძლია ერთმანეთისთვის კულტურის გაზიარება და წარმოჩენა. შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ახალგაზრდული მიმართულებითაც, ახალგაზრდულ პარლამენტებთან და იმ პროგრამებზე, რომლებსაც ვამზადებთ საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. ვიმედოვნებ, შევძლებთ თანამშრომლობის განვითარებას ისე, რომ სლოვაკ სტუდენტებს შევთავაზოთ საქართველოს პარლამენტის მუშაობის გაცნობა“, – განაცხადა რიხარდ რაშიმ.
შეხვედრაზე, ასევე, დადებითად შეფასდა 2026 წლიდან ქუთაისი-ბრატისლავის პირდაპირი ავიარეისების დაწყება და სლოვაკეთის მზადყოფნა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გამოცდილება გაუზიაროს.