ევროპის ჩემპიონატი კარატეში დასრულდა
საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი
გასულ შაბათ-კვირას ბათუმმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა კონტაქტურ კარატეში. ჩემპიონატში 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ. კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში მესამედ გაიმართა. 2016 და 2021 წლებში ტურნირს თბილისმა უმასპინძლა, ბათუმში კი პირველად ჩატარდა.
ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის მთავრობის, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერითა და საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
ასპარეზობის პირველ დღეს გამარჯვებულები და პრიზიორები ახალგაზრდებში გამოვლინდნენ – საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მეორე დღეს ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა და იმავე დღეს როგორც ნახევარფინალური, ასევე ფინალური შეხვედრები, შემდეგ კი საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთა დაჯილდოება შედგა.
ჩემპიონატი ოფიციალურად საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი დოლაბერიძემ, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა რემიგიუშ კარპინსკიმ გახსნეს.
ასპარეზობის გახსნის ღონისძიებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მინისტრის მოადგილეები – ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად დაესწრნენ.
ჩემპიონატი გახსნეს და სიტყვით გამოვიდნენ ირაკლი დოლაბერიძე, შალვა გოგოლაძე, რემიგიუშ კარპინსკი, მაია ხაჯიშვილი.
საზეიმო ღონისძიებაში ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოჰოი, ნანა“, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტთა (მომღერალთა) ანსამბლი მონაწილეობდნენ. ძალიან ლამაზი გამოდგა კარატეს შოუ – აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის საჩვენებელი გამოსვლა, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტ ლევან ცინცაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
აქვე შედგა ევროპის მომდევნო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნისთვის დროშის გადაცემის ცერემონია – 2027 წელს ჩემპიონატს ლიეტუვა უმასპინძლებს.
შემდეგ გაიმართა ფინალური ბლოკი, სწორედ ეს იყო ჩემპიონატის კულმინაცია – ერთმანეთს კონტინენტის საუკეთესო სპორტსმენები შეხვდნენ. გაიმართა ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები, შედგა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
წლევანდელ ევროპირველობაზე ასპარეზობა საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა გუნდებმა, ჯამში, 15 მედლით დაასრულეს.
პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატების კვარცხლბეკზე ერთდროულად სამი ქართველი იდგა (60 კგ კატეგორიაში). მინდია მგელაძემ ეს ტიტული მესამედ მოიგო. ვიცე-ჩემპიონის ტიტული დავით ძნელაძემ მოიპოვა (ის გასული წლის ჩემპიონია ახალგაზრდებში). ლაშა შანთაძე ბრინჯაოს დასჯერდა.
ასევე, „ქართული ფინალი“ შედგა 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც გუნდის კაპიტანმა ლაშა ოზბეთელაშვილმა თანაგუნდელი ლაშა ბაბუაძე დაამარცხა და კონტინენტის პირველობა მეშვიდედ იზეიმა. მარიამ წიკლაურმა ბრინჯაო მოიპოვა.
– ბათუმმა, საერთოდ, მთელმა ჩვენმა ქვეყანამ, არაერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს შესაძლებლობა, უნარი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სპორტის მხარდაჭერის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა იმისათვის, რომ მნიშვნელოვან საერთაშორისო ჩემპიონატებს უმასპინძლოს. წლევანდელი ჩემპიონატი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია, რადგან ძალიან მცირე დროში უკვე მეორედ ვუმასპინძლეთ ამ მასშტაბის ასპარეზობას (ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში დიდი ხანი არ არის, რაც დასრულდა) და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რესურსები სჭირდებოდა. ეს ყველაფერი ნამდვილად არის აჭარის მთავრობის, ასევე, ბათუმის მერიის ერთიანი მხარდაჭერის, ერთიანი პოლიტიკის ნაწილი. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენს, როგორც კარგი მასპინძლის, დამკვიდრებას სპორტულ სივრცეში, ასევე შესაბამისი სპორტის სახეობის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას. სასიხარულოა, რომ როგორც ძალოსნობაში გვყავს ახალი, პერსპექტიული თაობა, ასევეა კონტაქტურ კარატეშიც. საკმაოდ ბევრი სპორტსმენი იყო წარმოდგენილი სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ჩვენი რეგიონიდან. ეს ყველაფერი როგორც შედეგებზე, ისე მოტივაციაზეც აისახება. ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გვერდით დგომის გარეშე არცერთი სპორტსმენი არ დარჩება… როგორც ვეტერანი, ისე ახალგაზრდა. ჩვენ მათთან ერთად ვზეიმობთ ხელშესახებ წარმატებებსაც,- გვითხრა მაია ხაჯიშვილმა.
– მადლობა ღმერთს, რომ შრომა დაგვიფასდა. ბედნიერი ვარ! ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატს ბათუმმა უმასპინძლა – ჩვენს „კედლებში“ ვიბრძოდით და ეს ჩემთვის ორმაგი მოტივაცია იყო, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მიღწეულით არ ვკმაყოფილდები, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, ვიბრძოლებ უფრო დიდი წარმატებებისთვის. მინდა, საქართველო უფრო მაღალ საფეხურზე წარმოვაჩინო, – გვითხრა მინდია მგელაძემ.
– ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენი წარმატებით ძალიან ბევრი ადამიანის გული გავახარე. ყოველთვის, როცა სპორტსმენი ემზადება, ფიქრობს, რომ გულშემატკივარი გაახაროს. ამდენი წლის განმავლობაში, უწყვეტად რომ იგებ შეჯიბრს, გულშემატკივარიც შენგან სულ წარმატებას ელის და წელს ეს კვლავ მოვახერხე, – აღნიშნა ლაშა ოზბეთელაშვილმა.
– როცა დარბაზში უმეტესობა შენი გულშემატკივარია, ეს ძალიან დიდ მოტივაციას გაძლევს და ცდილობ, მაქსიმუმი გააკეთო. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური აღმოჩნდა. უფრო დიდი შედეგის დადება მინდოდა, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა – ზედიზედ მესამედ გავხდი ევროპის პრიზიორი, თუმცა მთავარი ისაა, რომ ჩვენს წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონობა ქართველმა მოიპოვა, ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი ჯილდო შევმატე, – გცითხრა ლაშა შანთაძემ.
– შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგანაც ორი, „ქართული ფინალი“ შედგა, ეს ვერცერთმა ევროპულმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ამითაც ისტორია დაიწერა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს მდგარა აქამდე კვარცხლბეკზე ერთ წონაში სამი ქართველი. სასიხარულოა ისიც, რომ საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. მადლობა ყველას, – აღნიშნა აჭარისა და საქართველოს ნაკრებების მთავარმა მწვრთნელმა კონტაქტურ კარატეში ლევან ცინცაძემ.
კონტაქტური კარატეს ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და ტურნირის კარგად ორგანიზებისთვის სპეციალური ჯილდოები გადასცა საქართველოს სპორტის მინისტრს, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრს, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს, სპორტის მინისტრის მოადგილეს და ევროპის ფედერაციაში საქართველოს კარატეს წარმომადგენელს ირაკლი დოლაბერიძეს, ასევე – კონტაქტურ კარატეში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლევან ცინცაძეს.
მანანა ძიძიშვილი