დასახელდნენ საუკეთესოები, ანუ პატივისცემისა და მადლიერების საღამო
სწორედ ასე შეიძლება უწოდო საზეიმო ცერემონიას, რომელიც ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართა და რომელზეც მოწვეულები იყვნენ ის ადამიანები, ვინც გასულ წელს თავისი მიღწევებით სპორტის განვითარებასა და ჩვენი რეგიონის წარმოჩენას გამორჩეულად შეუწყვეს ხელი.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა – „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“ – იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებსაც თავიანთი პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა და მაღალი შედეგებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სპორტის განვითარებაში და კარგია, რომ მათი წარმატებები სახელმწიფოს ყურადღების მიღმა არ რჩება, ეს კი ისევ სპორტის პოპულარიზაციასა და მის წინსვლას ემსახურება. ამ წარმატებებით გულით ვხარობთ, ვამაყობთ უცხო ქვეყანაში საქართველოს ეროვნული დროშის ყველაზე მაღლა აწევითა და სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით.
საღამოზე, რომელიც ბერდია კუტუბიძეს მიჰყავდა, დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და სპორტული კლუბები, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საღამოს გახსნისას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპორტული სფეროს თითოეულ წარმომადგენელს იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც ქალაქში სპორტის განვითარებას ემსახურება. მერმა, ასევე, ხაზი გაუსვა სპორტისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბათუმის მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალგაზრდების მიღწევებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
შეკრებილთ სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ სპორტის სფეროს განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივაა დაგეგმილი.
– დღევანდელ ღონისძიებაზე ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. წლების წინ, ბევრ თქვენგანთან ერთად, საფუძველი ჩავუყარე ამ ულამაზესი სტადიონის მშენებლობას და სასიხარულოა, რომ დღეს იგი ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარა ჩემპიონების სამჭედლოა. ვხედავთ, რამდენი გულანთებული ახალგაზრდა შრომობს იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო წარმატებული, რომ მოგვცემოდა ჩვენი სპორტსმენების დაჯილდოების საშუალება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სპორტის სფეროში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ვეტერანი სპორტსმენების ღვაწლი. მათი გამოცდილება უდიდესი მოტივაციაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
საზოგადოებას სიტყვით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიმართეს.
შემდეგ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს შორის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტული გუნდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ „წლის სპორტსმენის“ და „წლის გუნდის“ ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვა – ანუკი კომახიძე, მამუკა კორძაია, ხელბურთის კლუბ „ბათუმის“ გოგონათა გუნდი.
კალათბურთელი ანუკი კომახიძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ფიბას ევროპის 18 წლამდელთა C დივიზიონის ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტი, რომელიც, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ირიცხება.
მოჭიდავე მამუკა კორძაია კი მსოფლიო ჩემპიონია ქვიშის ჭიდაობაში (აბსოლუტურ წონით კატეგორიაში (+90 კგ.) ის, ასევე, მრავალგზის მსოფლიო და საქართველოს ჩემპიონია თავისუფალ ჭიდაობაში.
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ დააჯილდოვა ნომინაციაში „ჩემპიონი გუნდი“ გამარჯვებული – სარაგბო კლუბი „ბათუმი“, რომელიც მოქმედი ჩემპიონია და „წლის მწვრთნელები“ – ფიგურულ სრიალში ლელა ჩოფიკაშვილი და ჭიდაობაში ჯემალ კილაძე.
წარმატებულები, ასევე, დაჯილდოვდნენ ნომინაციებში: „წლის დებიუტანტი“, „წლის ვეტერანი“, „სპორტის მოამაგე“, „წლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი“, „სპორტული კლუბი – კარგი მმართველობა“.
მერიამ ასევე, დააწესა სპეციალური პრიზები: „განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის“, „სპორტსმენი ბათუმისთვის“, „წარმატებული საქმიანობისთვის“ და სხვა…
ტრადიციულ ნომინაციაში „წლის სპორტული ჟურნალისტი“ წელს დააჯილდოვეს ირაკლი დარცმელიძე, სეილან წილოსანი, ზურაბ დიასამიძე, ბესარიონ ჩიბურდანიძე, გიგა ჯიჯავაძე (ყველა – აჭარის ტელევიზიიდან), მანანა ძიძიშვილი (გაზეთი „აჭარა“).
ნომინაციაში „სპორტის მოამაგე“ დაჯილდოვდნენ ის ადამიანები, ვინც ვეტერანებს შორის ქალაქის მასშტაბით არაერთ საინტერესო სპორტულ ღონისძიებას ატარებს, ბათუმის მერია კი მათ ყოველთვის უწყობს ხელს. დაჯილდოებულთა შორის არიან: სვეტლანა უტიანსკაია, შალვა ტაბაღუა, დარეჯან დიასამიძე, ეთერ ცეცხლაძე, იასონ კამკია, იური აროშიძე.
დაჯილდოების შემდეგ ყველამ ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
მანანა ძიძიშვილი