ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში
პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
საპატრიარქოს ცნობით, წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, გაიმართება მსვლელობაც.
„17 მაისს, დილის 11:00 საათზე ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.