აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეები  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთს  ადამ შანთაძეს შეხვდნენ
By

აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეები  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთს  ადამ შანთაძეს შეხვდნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ცოტნე ანანიძე,  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთს, ადამ შანთაძეს შეხვდნენ.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო   ხელისუფლების ხელმძღვანელებმა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებსა და მათ სულიერ მოძღვარს მადლობა გადაუხადეს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს დღეებში გამოხატული უდიდესი თანაგრძნობისა და მხარდაჭერისათვის – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებისა და ეროვნული გლოვის დღეებში მათ ბაირამის საღვთო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმეს და მართლმადიდებელი მრევლის მწუხარება გულწრფელად გაიზიარეს.

„ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებიც აჭარის რეგიონის, როგორც მრავალსაუკუნოვანი რელიგიური ტოლერანტობის და თანაარსებობის გამორჩეულ მაგალითებს შეეხო. განსაკუთრებულად აღვნიშნეთ ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების და ეროვნული გლოვის დღეებში მუსლიმი მრევლის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება, რომელიც გულწრფელ თანაგრძნობასთან და საერთო მწუხარების გაზიარებასთან ერთად, უდიდესი ურთიერთპატივისცემის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო.

აჭარა სწორედაც არის ის რეგიონი, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები საუკუნეებია, ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით ვცხოვრობთ. სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ჩვენი მთავარი სიმდიდრე და ძალა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე და ახალგაზრდებს გადავცეთ ის ფასეულობები, რომლებიც გვაერთიანებს და მჯერა, რომ მუდმივი დიალოგით და ერთმანეთის ღირებულებების დაფასებით შევძლებთ ჩვენი რეგიონის კიდევ უფრო გაძლიერებას და განვითარებას,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

„ჩვენი ქვეყანა, რეგიონი ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობითა და შემწყნარებლობით. საქართველოში საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები. ტაძრებთან ერთად, დღესაც ბევრგან დგას საუკუნეების წინ აშენებული მეჩეთები, სინაგოგები, სხვა რელიგიის საკულტო ნაგებობები. აჭარა ამ დიდი ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია. აქ, ერთ ოჯახში, სიყვარულით ცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, დღესასწაულებზე ინთება სანთლები, მზადდება ჰალვა. ჩვენი ვალია, წინაპრებისაგან დატოვებული ეს დიდი საგანძური – ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება მომავალ თაობებს გადავცეთ,“ – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

 

  • No Comments
  • მაისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *