„ორი აღიარება: პირველი – ეკონომიკური ზრდა საქართველოში. მეორე – არქიფო სეთურის მეთოდებით საზოგადოების მორჩილება“
პარტია „ახლების“ ლიდერ ნიკა გვარამიას ამასწინანდელ განცხადებას საინტერესო გამოხმაურება შეაგება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ. უფრო კონკრეტულად – ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ რაც უფრო ძლიერდება და მდიდრდება საზოგადოება, მით უფრო კრიტიკული და რთულად სამართავი ხდება იგი. ამიტომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის უკმაყოფილებასაც ზრდის. უფრო ზუსტად, იგი ამბობს: „ეკონომიკური ზრდა გარკვეულად აძლიერებს ადამიანებს, უფრო მეტ მოთხოვნას აჩენს და უფრო კრიტიკულებს ხდის მათ“.
როგორც დასაწყისშივე ვთქვით, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ამ განცხადებას საკმაოდ ენამოსწრებულად უპასუხა ცოტნე ანანიძემ. მან აღნიშნა, რომ გვარამია ამ განცხადებით აღიარებს საქართველოში ეკონომიკის აღმავლობას.
„ორი აღიარება: პირველი – ეკონომიკური ზრდა საქართველოში. მეორე – არქიფო სეთურის მეთოდებით საზოგადოების მორჩილება, რისი აქტიური მცდელობები ვნახეთ მათი ხელისუფლებაში ყოფნისას“, – წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.