ზელენსკი: რუსებმა ამ დარტყმის დროს გამოიყენეს 524 თავდასხმის დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა – დნიპროსა და ოდესაზე შეტევა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა
რუსეთის მიერ დნიპროსა და რეგიონის ტერიტორიაზე ღამით განხორციელებული მასშტაბური შეტევა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პრეზიდენტის განცხადებით, თავდასხმა მიმართული იყო როგორც ენერგეტიკული ობიექტების, ისე საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ მთელი რეგიონის მასშტაბით.
ზელენსკის თქმით, დრონებით იერიში მიიტანეს ოდესაზეც. მისივე განცხადებით, ერთ-ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ჩინეთის საკუთრებაში არსებულ გემს დაარტყა.
„არ შეიძლებოდა რუსებს არ სცოდნოდათ, თუ რომელი გემი იმყოფებოდა ზღვაში. საერთო ჯამში, რვა რეგიონში ნგრევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის – ბავშვები. საერთო ჯამში, რუსებმა ამ დარტყმის დროს გამოიყენეს 524 თავდასხმის დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა“, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ადამიანებზე თავდასხმებისთვის ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს და სწორედ ამიტომ ევროპამ უნდა უზრუნველყოს მათგან საიმედო დაცვა.
„ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემები და იყოს თვითკმარი ამ საფრთხეების წინაშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ახლავე გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და უკრაინის უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა. ეს კვირა ფოკუსირებული იქნება ჩვენს პარტნიორებთან მუშაობაზე, რათა გავაძლიეროთ ადამიანების სიცოცხლის დაცვა“, – წერს ზელენსკი.