საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო – პაპუაშვილი და ვანგ ჰიუნინგი პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა, იგი პოლიტიკური დიალოგიდან ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაში გადაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარე ვანგ ჰიუნინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო და ჩინეთი იზიარებენ საერთო ხედვას ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მიმართულებით. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჩინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის.
„საქართველოსა და ჩინეთს აქვთ საერთო ძალისხმევა, რომ დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობა და უსაფრთხოება, ასევე, მტკიცედ დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ორმხრივი პატივისცემა საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ მხრივ, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის.
მომავალ წელს ჩვენი ქვეყნები აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლის იუბილეს. მჯერა, რომ დადებითი დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მზარდი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეტაპობრივად განავითარებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას ყოვლისმომცველი პარტნიორობის დონეზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ვანგ ჰიუნინგმაც. მისი თქმით, ჩინეთი საქართველოს „ჭეშმარიტ და სანდო მეგობრად“ მიიჩნევს და ორი ქვეყნის ურთიერთობა ისტორიულ საფუძველს ეყრდნობა.
„გულითადად მოგესალმებით, მოხარული ვარ თქვენთან საუბრის შესაძლებლობით. საქართველო მდებარეობს ორი კონტინენტის შეერთების ნაწილში. უძველესი დროიდან იგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ცივილიზაციების, კულტურებისა და ვაჭრობის გადაკვეთის მნიშვნელოვანი ადგილი იყო. მას ღრმა კულტურული ფესვები აქვს. ბოლო წლებში, საქართველომ ეროვნული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ჩინეთის მხარე ამით ძალიან კმაყოფილია. ჩინეთი საქართველოს ჭეშმარიტი და სანდო, კარგი მეგობარია, თანამშრომლობისა და საერთო განვითარების კარგი პარტნიორი. ჯერ კიდევ 2000 წელზე მეტი ხნის წინ, ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის ისტორიულმა „აბრეშუმის გზამ“ ხალხები დააკავშირა. ჩვენი ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 35 წლის განმავლობაში, ორმხრივი ურთიერთობები მუდამ ჯანსაღი და სტაბილური განვითარების გზას მიჰყვებოდა. ჩინეთი მზად არის, ყველა მხარესთან ერთად იმუშაოს. ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების საფუძველზე, უნდა დავაფასოთ და განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, აქტიურად შევუწყოთ ხელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანას“, – განაცხადა ვანგ ჰიუნინგმა.