„დიდაჭარობის თასზე“ აჭარის პირად-გუნდური პირველობა გაიმართა
By

 „დიდაჭარობის თასზე“ აჭარის პირად-გუნდური პირველობა გაიმართა

წელს ხულოში  „დიდაჭარობის“ ანუ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების კვირეული დაწესდა. კვირეულის ფარგლებში სპორტული და კულტურული აქტივობები გაიმართა, რომელთა შორის იყო „დიდაჭარობის თასზე“ აჭარის პირად-გუნდური პირველობა ქართულ ჭიდაობაში. იგი წელს მერვედ ჩატარდა. ასპარეზობას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელმა დიდაჭარამ უმასპინძლა.

შეჯიბრება ექვს წონით კატეგორიაში გაიმართა, რომელშიც აჭარის მუნიციპალიტეტების ქართული ჭიდაობის ნაკრები გუნდების 2011-2013 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.

პირველობაზე მოწვეულ სტუმრებს, სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს მიესალმნენ: აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, დიდაჭარის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ შავაძე, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები რენარ ბოლქვაძე, იაგო დავითაძე, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეები ნადიმ ვასაძე, გიორგი კეკელიძე,  ხულოს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ირმა შავაძე, ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე.

აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის თანადგომის, ქართული ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის ჯემალ წულუკიძემ ფედერაციის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი  ოთარ ცინარიძე (დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით), დიდაჭარის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ შავაძე,  შპს „ირე პალასის“ დამფუძნებელი, ცნობილი  ქველმოქმედი გოჩა ირემაძე.

წელსაც კარგად მომზადებული სპორტსმენებით წარსდგა ასპარეზობაზე  ქობულეთის ქართული ჭიდაობის ნაკრები და გუნდური პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა,   მეორე ადგილზე – შუახევის, ხოლო მესამეზე ბათუმის ქართული ჭიდაობის  ნაკრები გუნდები გავიდნენ.

პირად პირველობაში   გამოვლინდნენ გამარჯვებული მოჭიდავეები – 45-კილოგრამიან წონით კატეგორიაში: საბა დარჩიძე (შუახევი), ალექსი მენაღარიშვილი (ქობულეთი), ლუკა აბულაძე (ქობულეთი); 50-კილოგრამიან წონით კატეგორიაში: ანრი ხოზრევანიძე (ქობულეთი), საბა კეკელიძე (შუახევი),  დაჩი ამაღლობელი (ქობულეთი); 55-კილოგრამიან წონით კატეგორიაში: რამაზ ართმელაძე (შუახევი), გია ცეცხლაძე (შუახევი), თედო ბერიძე (ბათუმი); 60-კილოგრამიან წონით კატეგორიაში:  დაჩი ბარამიძე (ქობულეთი); გოგა მახარაძე (ქედა), ჯონი ლომიძე (ხულო); 66 -კილოგრამიან წონით კატეგორიაში: ანდრია ქაჯაია (ბათუმი), რატი გორგაძე (ქობულეთი), ლუკა ცეცხლაძე (შუახევი). 66 კილოგრამ ზევით წონით კატეგორიაში. ანრი ქამადაძე (ქობულეთი), ცოტნე აფაქიძე (ბათუმი), ბაჩი ირემაძე (ხულო).

გამარჯვებული სპორტსმენები აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო გამარჯვებულ გუნდებს ფედერაციის სპეციალური თასები და სიგელები გადაეცათ.

კომპანია „ირე პალასმა“  (დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ფედერაციის გამგეობის წევრი – გოჩა ირემაძე) საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.

„აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის“ სპეციალური პრიზი გადაეცა საუკეთესო ტექნიკური შედეგის მქონე სპორტსმენს, შუახეველ საბა დარჩიძეს. დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეულისა და დიდაჭარის საჯარო სკოლის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ: შეჯიბრების ყველაზე უმცროს მონაწილე  სანდრო გელაძეს, გუნდური პირველი ადგილის მფლობელ ქობულეთის ქართული ჭიდაობის ნაკრებს.

შეჯიბრება აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

– „დიდაჭარობის თასი“ მეტ დაინტერესებასა და მონაწილეთა ჩართულობას იძენს. გაისად ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც ვაპირებთ გუნდების მოწვევას. იმედია, ეს ასპარეზობა  რესპუბლიკური ტურნირის დატვირთვას შეიძენს, – გვითხრა ჯემალ წულუკიძემ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • მაისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *