„მტკიცებულებიდან მოქმედებამდე: ტყვიით მოწამვლის პრევენცია სიცოცხლის გადასარჩენად“ – პანელური დისკუსია ჟენევაში
By

„მტკიცებულებიდან მოქმედებამდე: ტყვიით მოწამვლის პრევენცია სიცოცხლის გადასარჩენად“ – პანელური დისკუსია ჟენევაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში – „მტკიცებულებიდან მოქმედებამდე: ტყვიით მოწამვლის პრევენცია სიცოცხლის გადასარჩენად“ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ერთობლივად მასპინძლობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია – World Health Organization, ორგანიზაცია სიცოცხლის გადასარჩენად – Resolve to Save Lives და ბლუმბერგის საქველმოქმედო ორგანიზაცია – Bloomberg Philanthropies, დისკუსია გაიმართა ტყვიით მოწამვლის პრევენციის მიმართულებით გლობალურ გამოწვევებთან, ჯანდაცვის პოლიტიკასა და ქვეყნებში განხორციელებულ წარმატებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით.

სამინისტროს ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძემ საერთაშორისო აუდიტორიას ტყვიის ზემოქმედების შემცირების მიმართულებით სწორედ საქართველოსა და აჭარის გამოცდილება გაუზიარა და ყურადღება გაამახვილა ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შორის სანელებლებში ტყვიის შემცველობის შემცირების კამპანიებზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე, მწარმოებლებისთვის მიზნობრივი ინფორმაციის მიწოდებასა და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებაზე.

 

– საქართველოს წარმატება ტყვიის ზემოქმედების შემცირების მიმართულებით განპირობებულია სახელმწიფოს კოორდინირებული და მრავალსექტორული მიდგომით. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგულაციების გამკაცრებამ ისეთ პროდუქტებში, როგორებიცაა საღებავები, სათამაშოები და სანელებლები, მეორეს მხრივ, ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრირებულმა სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის პროგრამებმა, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსულებისთვის, ხელი შეუწყო რისკების დროულ მართვას. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა თანამედროვე ლაბორატორიულ და მონიტორინგის სისტემებში, რამაც შესაძლებელი გახადა ტყვიის ზემოქმედების უფრო ზუსტი შეფასება. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც. მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ ძლიერი პოლიტიკური ნება და ინტეგრირებული მიდგომა რეალურ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
პანელურ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ჯანდაცვის სფეროს ლიდერები და საერთაშორისო ექსპერტები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტყვიით მოწამვლის პრევენციის შესახებ მომავალი ტექნიკური პაკეტი, ხოლო დისკუსიის ფარგლებში, ასევე, განიხილეს სისხლში ტყვიის დონის მონიტორინგის სისტემების გაძლიერება, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება და პრევენციული ღონისძიებების გაფართოების სამომავლო გეგმები.

  • No Comments
  • მაისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *