ლევან იოსელიანი: სადავო ნორმები ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
By

ლევან იოსელიანი: სადავო ნორმები ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ლევან იოსელიანის განცხადებას  ავრცელებს, რომელშიც 2025 წელს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები პრობლემურად არის შეფასებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნორმები ბუნდოვანია, მათი სადავო ნორმატიული შინაარსი ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, „საქართველოს სახალხო დამცველის მიერ პრობლემურად იქნა შეფასებული 2025 წლის განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა“.
ამასთან, განცხადების თანახმად, „2026 წლის 20 იანვარს სახალხო დამცველმა შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესთან დაკავშირებული აკრძალვები და პასუხისმგებლობის ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა“.
საკონსტიტუციო სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი ის ნორმებიც, რომლებიც შეკრების მონაწილეებს ტროტუარზე დგომისას „ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნას და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას“ უკრძალავს.
სახალხო დამცველის შეფასებით, „არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი, რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას, მით უფრო, როდესაც ამ ფორმით უფლებით სარგებლობა, როგორც წესი, დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო, შეკრების მონაწილეთა სამართალდამრღვევად ცნობის საქმეებზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) თბილისის სააპელაციო სასამართლოსაც მიმართა და შესაბამისი უფლებრივი სტანდარტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„სახალხო დამცველი აკვირდება შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, არ შეზღუდონ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • მაისი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *