ზურაბ პატარაძე: ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერა ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
By

ზურაბ პატარაძე: ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერა ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ქობულეთის მერთან ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალური ტრანსპორტისა და სანდასუფთავების სამსახურის განახლებული ავტოპარკები დაათვალიერა და სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
მთავრობის ინფორმაციით, მსგავს პროექტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, ყურადღება ექცევა მოსახლეობის სოციალური პირობებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ზურაბ პატარაძე მუნიციპალური ავტოპარკის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ახალი ავტობუსების მარშრუტებითა და მოძრაობის გრაფიკის მოქნილობით დაინტერესდა. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში 5 ავტობუსი უკვე ემსახურება მგზავრებს, დარჩენილი 3 ავტობუსი კი ფუნქციონირებას დღეიდან დაიწყებს.

– განახლებული მუნიციპალური ავტობუსები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილების პირობებს როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. ჩვენი პრიორიტეტია, რომ გადაადგილება იყოს უსაფრთხო, კომფორტული და ხელმისაწვდომი ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში, ამიტომ, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ქობულეთში განახლდა სანდასუფთავების სამსახურის ავტოპარკი,  სპეცტექნიკის შესაძენად 566 200 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე პერიოდში ავტოპარკს კიდევ ერთი სპეციალური ტექნიკა, თვითმცლელი მანქანა დაემატება.
ქობულეთში მიმდინარე სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს რაც შეეხება, ზურაბ პატარაძის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერა ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

– სასიხარულოა, რომ ქობულეთის სოციალური სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში, 126 ეკომიგრანტ ოჯახს თანამედროვე საცხოვრებელი ბინები გადაეცემა. პროექტში 25 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რაც ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და აჭარის მთავრობა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს როგორც ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერას, ისე, სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაწყვეტას, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჭყონია და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.

  • No Comments
  • მაისი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *