„რა უნდა ვაღიარო?“ – ხაბეიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლოზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ მის საქმეში „საჯარო განცხადებების გარდა, არაფერი დევს“.
„პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო? არაფერი მაქვს ასაღიარებელი. საჯარო განცხადებები იყო ჩემი და არაფერია იმის იქით. ფარულად, მალულად რამის გაკეთებას, დაშავებას არ მედავებიან. აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში?“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, საქმე მხოლოდ რამდენიმე საათში განიხილეს, თუმცა თავად უკვე 9 თვეა პატიმრობაში იმყოფება.
„9 თვე ციხეში იმიტომ ვიყავი, რომ მათზე ზეწოლა არ მომეხდინა და საბოლოო ჯამში, მოწმეებიც კი არ მოიყვანეს. საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა, არაფერი დევს,“ – აღნიშნა მან.
საქმეზე კომენტარი გააკეთა „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ განაჩენი „წინასწარ დაწერილია“.
„ლევანის საქმეში რომ მტკიცებულება არ არის, ეს საქვეყნოდ ყველამ იცის. ეს არის უსამართლობა“, – თქვა ვაშაძემ.
პროცესის დასრულების შემდეგ, განცხადება ასევე, გააკეთა თინა ბოკუჩავამ.
„ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება დიქტატურისთვისაც კი ახალი სტანდარტია,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საჯარო მოწოდება. საქმეზე განაჩენი 21 მაისს, 14:00 საათზე გამოცხადდება.