იენს სტოლტენბერგი – ევროპასა და აშშ-ს შორის განხეთქილება არ დავუშვათ
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ევროპას შორის არსებული განხეთქილება ბოლო ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყველაზე ღრმაა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აშშ-ის გარეშე ვერ გადარჩება. ამავე დროს, ნატოს ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ნატოს ჩანაცვლება არ შეუძლია.
„არა, ეს აღარ იქნება ის ნატო, რომელსაც თითქმის 80 წლის განმავლობაში ვიცნობდით, რადგან საუბარია ევროპასა და აშშ-ზე, რომლებიც ერთად უპირისპირდებიან ყველა საფრთხეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის განხეთქილება არ დავუშვათ“, – თქვა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატოს მომავალთან დაკავშირებით გადაჭარბებულ სპეკულაციებს არ ემხრობა.
„მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ბუნდოვანება ჩვენი მზადყოფნის შესახებ, დავიცვათ ერთმანეთი“, – თქვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ასევე უარყო იდეა, რომ ევროკავშირს შეუძლია ნატოს ჩანაცვლება.
„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირს, მაგრამ არ მჯერა, რომ ევროკავშირს შეუძლია ნატოს ჩანაცვლება, როდესაც საქმე კოლექტიურ უსაფრთხოებასა და თავდაცვის გარანტიებს ეხება“, – თქვა სტოლტენბერგმა.