PACE: საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისთვის სათანადო პირობები არ არსებობს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის განცხადებით, საქართველოში „ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები ამჟამად არ არსებობს“. კომიტეტის შეფასებით, ამის მიზეზია დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე „უწყვეტი ზეწოლა“, ასევე, ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაცია.
PACE ასევე მოითხოვს „რეპრესიული კანონმდებლობის“ გაუქმებას, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გადახედვას.
განცხადებაში დაგმობილია სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმები, ასევე აღნიშნულია, რომ დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე „სანდო გამოძიება არ ჩატარებულა“.
კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს საპროტესტო აქციების დაშლისას აკრძალული ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების გამო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები.