კანონმდებლებმა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებული დადგენილების პროექტი დაამტკიცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ წარმოადგინა.
მისი განცხადებით, გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 687 700 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 755 393 200 ლარი, გეგმის 109,8 პროცენტი შეადგინა.
შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 96,1 პროცენტი საშემოსავლო გადასახადებზე მოდის, რაც სამუშაო ადგილების გაზრდილ რაოდენობასა და ხელფასების მატებაზე მიუთითებს. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 660 000 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივი შესრულება 725 935 000 ლარს, გეგმის 110 პროცენტს შეადგენს. 107 პროცენტითაა შესრულებული სხვა შემოსავლების გეგმა. მინისტრმა, ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებისა და მხარჯავი დაწესებულებების შესახებ ვრცელი ინფორმაციის წარდგენის გარდა, ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, პროექტებზე და უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები.
ანგარიშთან დაკავშირებით, სხდომაზე თანამოხსენებებით საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე და აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა წარდგნენ.
სხდომის დასასრულს კანონმდებლებმა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებული დადგენილების პროექტი დაამტკიცეს.