მიხეილ სარჯველაძე ჰანს კლუგეს შეხვდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საკითხებს.
ჰანს კლუგემ საქართველოში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებასა და სისტემის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.
შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და მზადყოფნას პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.