მარკ რუტე უკრაინის დახმარებაზე
By

მარკ რუტე უკრაინის დახმარებაზე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართული ბრიფინგის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად ყველაზე მეტ თანხებს მხოლოდ ექვსი-შვიდი ევროპული ქვეყანა გამოყოფს, ამიტომ ეს ფინანსური ტვირთი უფრო თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
მისი თქმით, უკრაინა კვლავ იღებს სამხედრო დახმარებას „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ ინიციატივის ფარგლებში.

„უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამერიკული აღჭურვილობის მიწოდება გრძელდება. ეს მოიცავს რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტებს, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მხარდაჭერას, კერძოდ, „პატრიოტ“ სისტემებისთვის. ამას ევროპელი მოკავშირეები აფინანსებენ“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სურს, მეტი ქვეყანა შეუერთდეს უკრაინისთვის თანხის გამოყოფას „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ ინიციატივის მეშვეობით იარაღის შესყიდვისთვის. რუტეს თქმით, უკრაინის მხარდაჭერის ხარჯები ნატო-ს მოკავშირეებს შორის რაც შეიძლება თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

„მსურს ტვირთის უფრო თანაბარი განაწილების მიღწევა. ამჟამად მხოლოდ 6-7 ქვეყანა ასრულებს მძიმე სამუშაოს. კარგი ამბავი ის არის, რომ ის, რასაც ისინი აკეთებენ, საკმარისია იმისათვის, რომ უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვან ამერიკულ აღჭურვილობაზე წვდომა ჰქონდეს, თუმცა სამართლიანი იქნება, თუ ნატო-ს ფარგლებში და განსაკუთრებით ევროპულ ნაწილში, დავინახავთ, რომ სხვა მოკავშირეებიც წინ მიიწევენ“, – აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ყველას შეუძლია დაინახოს, თუ როგორ კარგად უმკლავდებიან უკრაინელები ბრძოლის ველს, მაგრამ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

„საკითხი იმაში მდგომარეობს, როგორ შეგვიძლია ამ ბრძოლაში უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერება. ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმით, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან ისინი რუსეთის თავდასხმას, სრულმასშტაბიან შეჭრას 2022 წლიდან“, – აღნიშნა რუტემ.

  • No Comments
  • მაისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *