სოფელს საუკუნის იუბილე გადაუხადეს
შუახევში გორელები პირველები არიან, რომლებმაც სოფელს დაარსების საუკუნოვანი იუბილე გადაუხადეს. პაპოშვილებლებმა შაქირ, რეჯებალ ფუტკარაძეებმა ახლანდელი დასახლება – გორის ტერიტორია ჯერ ეკალ-ბარდებისგან და ბუჩქებისგან გაწმინდეს, სასიმინდე და საკარტოფილე ნაკვეთები მოაწყვეს, შემდეგ ოდა-სახლები და პირუტყვის სადგომები ააშენეს.
მაშინ ახალმოსახლეობა იოლი არ იყო. გორში არ შედიოდა საავტომობილო გზა, წყარო, რომელიც ახალ დასახლებაში იყო, ზაფხულში სამი თვის განმავლობაში შრებოდა, სასმელ წყალს შორიდან ეზიდებოდნენ, მხოლოდ რევაზ ფუტკარაძის ინიციატივით შეძლეს გორელებმა სასმელი წყლის გამოყვანა. ახლა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ვახტანგ ფუტკარაძის ინიციატივითა და შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომით, 11 კილომეტრიდან სასმელი წყალი გამოიყვანეს, რომლითაც 45-ზე მეტი ოჯახი სარგებლობს. ამ და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრეს მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატებმა ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ. მათ ნომინაციებით „სოფლის უხუცესი“, „ამაგდარნი“, „მასწავლებელთა მასწავლებელი,“ „მარჯვენაკურთხეულნი“ საპატიო სიგელები გადასცეს შალვა, ნათელა, გიორგი, ნაზი, ხასან, შუქრი, ნოდარ ფუტკარაძეებს.
აჭარის მთიანეთის სოფლებში ქართული სკოლების აღდგენა წინა საუკუნის იმ დროში ხდებოდა, როცა გორელები სოფელს აყალიბებდნენ. გონიერი ადამიანების მოთხოვნით, გორშიც გაიხსნა საგანმანათლებლო კერა 1938 წელს. მისი პირველი პედაგოგი ქვეყნის სხვა რეგიონიდან იყო მოვლინებული. სკოლის პირველი მოსწავლეებიდან მხოლოდ შალვა ფუტკარაძეა ცოცხალი. მოვლინებული მასწავლებელი 1949 წლიდან ადგილობრივმა მკვიდრმა ნოდარ ფუტკარაძემ ჩაანაცვლა. თაობების გზამკვლევმა დიდი ამაგი დასდო სოფელს – 21-ე საუკუნეში გორს შესანიშნავი ინტელიგენცია რომ ჰყავს, მისი დამსახურებაა.
საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულებმა ზურაბ და ვახტანგ ფუტკარაძეებმა, მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს, გაიხსენეს, თუ რა განსაცდელები გამოიარა თითოეულმა ქართულმა სოფელმა წინა საუკუნეში. გორელები ემადლიერებიან სოფლის მაშინდელ ხელმძღვანელებს ვლადიმერ დიასამიძეს, ვლადიმერ, რევაზ ფუტკარაძეებს, რომ რეპრესიებისა და გასახლების წლებში, გორის მოსახლეობა დაჭერა-დარბევებს გადაარჩინეს. სამშობლო თითოეულ გორელს საფიცრად ჰქონდა და აქვს ქცეული. მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა აქაური ნურიალ ფუტკარაძე, ტექსილის აჯანყების მონაწილე იყო შალვა (შერიფ) ფუტკარაძე. წინა საუკუნის 50-ანი წლებიდან მოყოლებული, ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ გორელ ჭაბუკებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავი აერიდებინათ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართულ ჯარში 20-ზე მეტი ჭაბუკი მსახურობდა. საზოგადოებრივ წესრიგს ახლაც იცავენ როინ, სულხან, გოჩა, მამული ფუტკარაძეები.
გორში მრავალია ისეთი ოჯახი, საყოველთაო პატივისცემას რომ იმსახურებს. თავის დროზე სოფელსა და ქვეყანაში სანიმუშო იყო ნათელა და ნოდარ ფუტკარაძეების ოჯახი. ნათელა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად იყო არჩეული, მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო ფორუმებში. მათი შვილი რომანი სოფელში პირველი იურისტია, შვილიშვილი მარიამი განათლებას უცხოეთში ეუფლება. საქებარ სიტყვებს იმსახურებენ ეთერ და დავით, მზევინარ და ვახტანგ, ეთერ და დავით, შუშანა და ჯამბულ, ნაზი და ოთარ, ნანი და იაშა, ნაზი და ამირან ფუტკარაძეების ოჯახები… გორში მოსასვლელი ბილიკი ასფალტბეტონიანმა საავტომობილო გზამ შეცვალა. გორს ყველა ინფრასტრუქტურა აქვს, რაც თანამედროვე ქართული სოფლისთვისაა საჭირო.
გორიდან ქვეყნის წამყვან ქალაქებსა და სოფლებში გადასულებმა, დიდი გარჯისა და მარჯვენის წყალობით, შესაშური ცხოვრება მოიწყვეს. დღეს გორს 45 ოჯახი ამაგრებს.
საზოგადოება კარგად იცნობდა ოლადაურელ იურისტ ფრიდონ ფუტკარაძეს. მისი თანაკლასელები იყვნენ ცნობილი გორელი იურისტი რომან ფუტკარაძე და ცნობილი გორელი ბიზნესმენი ზურაბ ფუტკარაძე. საამაყოა ისიც, რომ გორს უშანგი ფუტკარაძის სახით წარმატებული ბიზნესმენი ჰყავს. უნდა აღინიშნოს, რომ ზურაბმა და უშანგიმ სოფლის ზეიმი დააფინანსეს. გორის მოსიყვარულე, აქაურთა შვილების აღმზრდელია საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი მერაბ მაკარაძე.
იუბილარი სოფლის მოსახლეობა და მათი სტუმრები მხატვრული პროგრამით გაახალისეს შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა „მარეთმა“ და „ნაიმ“.
– აჭარის მთიანეთის ყველა სოფელი და დასახლება წელიწადის ნებისმიერ დროს მშვენიერი და მიმზიდველია, მაგრამ მაისის ამ დღეს გორით მოვიხიბლე. ღონისძიების ორგანიზატორებმა ზურაბ, უშანგი, ვახტანგ ფუტკარაძეებმა, წამყვანმა, მწერალმა ვახტანგ გოგრაჭაძემ სიტყვაც მომცეს და ნომინაციაში „სოფლის სიამაყე“ საპატიო სიგელით დავაჯილდოვე გოგი ფუტკარაძე, პიროვნება, რომელიც არა მარტო გორში, არამედ მარეთის ხეობაშია ცნობილი. მან კვალიფიციური განათლება უცხოეთში მიიღო და ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობს. ბატონი გოგი მშობლიური სოფლის იუბილეს ზეიმობდა, როცა სასიხარულო ამბავი აცნობეს – წუთისოფელს მისი ვაჟი ანდრი მოევლინა. ვულოცავთ მას და ბაბუას, ცნობილ ბიზნესმენ ზურაბ ფუტკარაძეს გვარში ვაჟკაცის შემატებას, – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ.
– მაისის მშვენიერი დღე გორში ისე გავიდა, რომ ვერც გავიგეთ. ღონისძიების დასკვნით ნაწილში ჩართული იყო სუფრაც, სადაც წარმოჩნდა სტუმარმასპინძლობის ის ადათ-წესები, რაც ქართული სოფლისთვის, თითოეული ქართველისთვისაა დამახასიათებელი, – თქვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ.
– ეს ზეიმი ყველას ეკუთვნის. მან შორეულ წარსულთან, ჩვენს იდენტობასთან დაგვაბრუნა. ხასხასა მდელოზე გამართულ ღონისძიებაზე იყო მომღიმარი სახეები, გულღიაობა, მომავლის რწმენა, სითბო და სიყვარული. მადლობა ზეიმის ორგანიზატორებს, – გვითხრა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ.
ოთარ ცინარიძე,
გორი, 2026 წლის 23 მაისი