„შინაგანი ტრანსფორმაცია გაცნობიერებული ევოლუციაა“
თანამედროვე სამყაროში, სადაც ადამიანის ცხოვრება მუდმივი სტრესის, ინფორმაციული გადატვირთვისა და შინაგანი დისბალანსის ფონზე მიმდინარეობს, სულ უფრო აქტუალურია საკუთარ თავთან დაბრუნება, შინაგანი ჰარმონიის პოვნა და ცნობიერების გაღრმავება. ადამიანს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ ფიზიკური კეთილდღეობა და ეძებს სხეულის, გონებისა და სულის გაერთიანების გზას. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს პიროვნული განვითარების მენტორი თეკო ჯაფარიძე, რომელიც ამ თემაზე ინტერვიუში გვესაუბრება.

– რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?
– ჩემი საქმიანობა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ სფეროს აერთიანებს, რომლებიც ადამიანის გონებრივი და ფიზიკური რესურსების ოპტიმიზაციას ემსახურება. ძირითადი მიმართულებებია: ჰოლისტიკური მენტორინგი და პიროვნული განვითარება. როგორც პიროვნული განვითარების მენტორი, ვეხმარები ადამიანებს საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და ცხოვრებისეული ბალანსის პოვნაში. ჩემი მიდგომა ეფუძნება რწმენას, რომ ადამიანის ფსიქიკა და სხეული ერთიანი სისტემაა და მათ ჯანრთელობას განაპირობებს ფიზიკური, გონებრივი, ემოციური, ენერგეტიკული და სულიერი სიჯანსაღე. სწორედ ეს არის ჰოლისტიკური მიდგომა. ასევე, ციგუნის რამდენიმე კონკრეტული სტილის პრაქტიკოსი ვარ. იგი გულისხმობს მუშაობას სუნთქვასთან, ენერგიასთან, მოძრაობასთან და ყურადღების კონცენტრაციასთან, სხეულისა და გონების ჰიგიენის პრაქტიკული მეცნიერებაა, რომელიც გვეხმარება ენერგიის (Qi) ბალანსში, ასევე სტრესის და სხვა ფსიქოსომატური პრობლემების დაძლევაში. ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია ფსიქოსომატიკის კვლევა და შესწავლა, თუ როგორ აისახება ჩვენი ემოციური მდგომარეობა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. შევიმუშავე სპეციალური ველნესპროგრამები. ერთ-ერთია „5 ელემენტის“ კონცეფცია, რომელიც ელემენტებს აკავშირებს ადამიანის ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობასთან. ასევე, ვხელმძღვანელობ დახურულ ინტელექტუალურ ჯგუფს, რომელიც გათვლილია სიღრმისეულად მოაზროვნე ადამიანებისთვის, გვაქვს ხოლმე უფასო გასვლები ბუნებაში. გარდა ამისა, დაკავებული ვარ ლიტერატურული და შემეცნებითი საქმიანობითაც. ამჟამად დავასრულე მუშაობა ავტობიოგრაფიულ ნოველაზე „სემი“, სადაც ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ძიებები მხატვრულ ფორმას იძენს, რათა შევაჯამო ჩემი საქმიანობა. ეს არის გზა თვითშემეცნებიდან თვითრეალიზაციამდე, სადაც ინტელექტუალური ცოდნა და ფიზიკური პრაქტიკა ერთმანეთს ავსებს.
– გქონდათ თუ არა პირადი გამოცდილება, რომელმაც ამ საქმესთან დაგაკავშირათ და რატომ გადაწყვიტეთ მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება?
– პირადი გამოცდილების შემდეგ დავინტერესდი ადამიანის ფსიქიკით და იმ შინაგანი მოვლენებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემა. არაერთმა გამოცდილებამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ თავად შევეჯახე საშინელ პრობლემას – დამეწყო პანიკური შეტევები, შფოთვითი აშლილობა და ცხოვრების მიმართ ვნებითი დამოკიდებულება, რამაც ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. საბოლოოდ, უამრავი კვლევით, ცოდნით და ენერგეტიკული პრაქტიკებით დაინტერესების შემდეგ, აღმოვაჩინე ამ პრობლემის მოგვარების გზა. გამომდინარე იქიდან, რომ თავად შევძელი მისი დამარცხება, გადავწყვიტე სხვა ადამიანებისთვისაც გამეზიარებინა წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება.
– რა პრობლემებით მოდიან თქვენთან და როგორ არჩევთ, რომელი ტექნიკა უნდა გამოიყენოთ კონკრეტულ ადამიანთან?
– ჩემთან ადამიანები მოდიან ისეთი პრობლემებით, როგორებიცაა: შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები, ფსიქოსომატური პრობლემები, შიშები და ფობიები, ენერგიის ნაკლებობა, სტრესი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ყველა ადამიანთან ინდივიდუალურად ვმუშაობ და მუშაობის სპეციფიკას ვადგენ სპეციალური კითხვარების და გასაუბრების საშუალებით, რომლებიც მეხმარება განვსაზღვრო, რამდენად არის ადამიანი მზად, მიიღოს ჩემი ცოდნა და გამოცდილებაც და რამდენად შედეგიანი იქნება ჩვენი კავშირი.
– ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობაა უფრო ეფექტური?
– გააჩნია პრობლემას, თუმცა ინდივიდუალური მუშაობა მეტად ეფექტურია, რადგან ასეთ დროს ადამიანები უფრო იხსნებიან, რაც მნიშვნელოვანია კარგი შედეგისთვის.
– რამდენად აისახება დაუმუშავებელი ემოციები ადამიანის ენერგეტიკაზე და როგორ ეხმარებით ემოციური ბალანსისა და შინაგანი ჰარმონიის პოვნაში?
– დაუმუშავებელი ემოცია არასოდეს ქრება უკვალოდ, რადგან იბეჭდება ჩვენს სხეულში. ფსიქოსომატიკის ჭრილში, ნებისმიერი დათრგუნული ემოცია: შიში, ბრაზი, დანაშაულის შეგრძნება თუ სინანული გარდაიქმნება ფიზიკურ დაძაბულობად, ანუ „კუნთოვან ჯავშნად“. ენერგეტიკულ დონეზე (ციგუნის ტერმინოლოგიით), ეს პროცესი გამოიყურება, როგორც ენერგიის სტაგნაცია: ემოციური ბლოკი აჩერებს სასიცოცხლო ენერგიის (Qi) თავისუფალ დინებას, ასევე, ისპაზმება კუნთი და მთელი სხეულიც. ეს ჰგავს მდინარეს, რომელშიც ნაგავი დაგროვდა, წყალი წყვეტს მოძრაობას და იწყება ლპობა – დაავადება. ორგანოების დისბალანსი: ჩემი „5 ელემენტის“ საავტორო პროგრამის მიხედვით, თითოეული ემოცია კონკრეტულ ორგანოსა და ელემენტს უკავშირდება. მაგალითად: დაუმუშავებელი ბრაზი აზიანებს ხის ელემენტს (ღვიძლს), ხოლო ქრონიკული შფოთვა – მიწის ელემენტს (კუჭქვეშა ჯირკვალს). სპეციალური ციგუნის პრაქტიკებით, ენერგეტიკული ვარჯიშებითა და სუნთქვით ვცდილობთ „ჯავშნის“ დარბილებას, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. სხეულის მოდუნებისას ენერგია იწყებს მოძრაობას და ემოციური ნაგავიც ზედაპირზე ამოდის. ვიყენებ სხვადასხვა ფილოსოფიურ პრინციპს. ვსწავლობთ იმის გარჩევას, რა ექვემდებარება ჩვენს კონტროლს და რა – არა. ხშირად ემოციური ტვირთი სწორედ იმაზე დარდია, რის შეცვლაც ჩვენს ძალებს აღემატება. ამის გაცნობიერება ადამიანს უდიდეს შინაგან თავისუფლებას ანიჭებს. მუშაობის პროცესში ვიყენებთ მხილების, ბწკენისა და ცოდნის პრინციპს. ჩვენ ვამხელთ იმ მცდარ პროგრამებს, რომლებიც ემოციურ დისბალანსს იწვევს, ვაფხიზლებთ საკუთარ ცნობიერებას და ახალი, ცოცხალი ცოდნით ვანაცვლებთ მათ. ჩემი მიზანია, ადამიანმა არა მხოლოდ დროებითი სიმშვიდე იპოვოს, არამედ შეიძინოს ინსტრუმენტები, რომლებითაც თავად შეძლებს შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებას ნებისმიერ ცხოვრებისეულ ქარტეხილში.
– თქვენი ფორმულირებით, რას ნიშნავს შინაგანი ტრანსფორმაცია?
– შინაგანი ტრანსფორმაცია მთელი ცხოვრება გრძელდება და არ აქვს დასასრული. ეს არის ცხოვრების გზა, ცნობიერების განვითარება და ღმერთთან მიახლოება. შინაგანი ტრანსფორმაცია არ არის საკუთარი თავის შეცვლა ან სხვად გადაქცევა; ეს არის საკუთარ ნამდვილ ბუნებასთან დაბრუნების პროცესი. მოქანდაკის მუშაობას ჰგავს, რომელიც ქვას კი არ ამატებს რამეს, არამედ აცილებს ყველაფერ ზედმეტს, რათა მასში დამალული ფიგურა გამოაჩინოს. შინაგანი ტრანსფორმაცია არის გაცნობიერებული ევოლუცია. ეს არის პროცესი, როცა ადამიანი წყვეტს ყოფიერების ქარავანში ინერციით სიარულს და ხდება საკუთარი გზის შემოქმედი. ეს არის შინაგანი ქაოსის – წესრიგად, ხოლო დაქსაქსული ენერგიის მიზანმიმართულ ძალად გადაქცევა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმის გააზრებაა, რომ თითოეული ადამიანის გაცნობიერება სამყაროს ევოლუციას უწყობს ხელს.
– რაში ხედავთ თანამედროვე ადამიანის სულიერ კრიზისს?
– თანამედროვე ადამიანის სულიერ კრიზისს განვიხილავ როგორც ცნობიერების დეგრადაციას, რაც საბოლოო ჯამში ემპათიის გაქრობასა და ადამიანურობის დაკარგვამდე მიდის. ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფიური საკითხი, არამედ ჩვენი ყოველდღიური ფსიქოსომატური მდგომარეობაა.
– რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ მსგავს პრაქტიკებს?
– სკეპტიციზმი ჯანსაღი გონების ნიშანია. თავადაც, სანამ რაიმე პრაქტიკას ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვებ, კრიტიკული ფილტრის ქვეშ ვატარებ. არაფერს ვაზიარებ ისეთს, რაც არ გამომიცდია. იმ ადამიანებს, რომლებიც ეჭვით უყურებენ ენერგეტიკულ პრაქტიკებსა და მენტორინგს, ვეტყოდი, რომ სკეპტიციზმი, ხშირად, ინფორმაციის ნაკლებობიდან მოდის. ვთავაზობ, დააკვირდნენ საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას. ციგუნი და გაცნობიერებული სუნთქვა არ არის რწმენის საკითხი, არამედ ბიოქიმია და ფიზიოლოგიაა. სუნთქვის საშუალებით ნერვული სისტემის დამშვიდება მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტია და არა მისტიკა. ადამიანთა უმეტესობამ სწორად სუნთქვა არ იცის, ხშირად 90%-ით ვართ ტყვეობაში და ვერ ვაკონტროლებთ. სკეპტიკოსებს ვთავაზობ ექსპერიმენტს: სცადონ იმ 10%-ის მართვა, რაც მათ რეაქციებსა და შინაგან მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. თუ ეს დაეხმარებათ სტრესის მართვაში, ძილის გაუმჯობესებასა და ემოციური წონასწორობის პოვნაში, მაშინ სკეპტიციზმი, თავისთავად, ადგილს დაუმთმობს გამოცდილებას. მათ, ვისაც მხოლოდ მშრალი ლოგიკის სჯერა, შევახსენებ სტოიკურ პრინციპებს, რომლებსაც პრაქტიკაში ვიყენებ. სტოიციზმი არის ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური და პრაგმატული სისტემა, რომელიც ადამიანს ემოციური ინტელექტის განვითარებაში ეხმარება. ჩემი საქმიანობა რაციონალიზმისა და აღმოსავლური სიბრძნის სინთეზია. ემპირიული მიდგომა კი გვეუბნება, რომ ცოდნა მოდის გამოცდილებით. ვერ გეცოდინებათ, როგორი გემო აქვს ნაყოფს, სანამ არ დააგემოვნებთ. ანალოგიურად, ტრანსფორმაციის პროცესიც შიგნიდან შეიცნობა. არ ვცდილობ ვინმეს გადარწმუნებას, რადგან ჩემი კარი ღიაა მათთვის, ვინც მზადაა შინაგანი ცვლილებისთვის. ადამიანურობის დაბრუნება იმის აღიარებით იწყება, რომ სამყარო იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი დღევანდელი ცოდნა. „როცა მოსწავლე მზადაა, მასწავლებელი გამოჩნდება. როცა მოსწავლე ნამდვილად მზადაა, მასწავლებელი გაქრება“.
ნინი ჩხარტიშვილი