ტურისტული სეზონისთვის მზადება ინტენსიურად მიმდინარეობს
საზაფხულო ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში სამზადისი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სხვადასხვა მიმართულებით ყოველდღიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები, წესრიგდება სასეირნო და სარეკრეაციო სივრცეები, რათა ბულვარი სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
უწყების ინფორმაციით, ტურისტული სეზონის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს გამართული სერვისებისა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რა მიმართულებითაც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, ე.წ. ქორწინების სახლის ტერიტორიაზე, მიმდინარეობს აუზის პირვანდელი იერსახით აღდგენა. დამატებით დაგეგმილია ახალი შადრევნის მოწყობა, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება ბულვარში არსებულ შადრევნების ანსამბლს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნ. დუმბაძისა და დ. თავდადებულის ქუჩების გასწვრივ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ახალი დეკორატიული ფილები და ბორდიურები. პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება სასეირნო სივრცის ინფრასტრუქტურა და სრულად აღმოიფხვრება წყლით დატბორვის პრობლემა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპლაჟე და საბაღე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. სანაპირო ზოლზე მონტაჟდება ახალი, მოდერნიზებული გასახდელები და საშხაპეები, ასევე, ეწყობა ზღვაზე ჩასასვლელი საფეხმავლო ბილიკები.
პარალელურად, მიმდინარეობს ბათუმის ბულვარში არსებული საბავშვო კუთხეებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაციაც. ახალ ბულვარში საბავშვო სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, ხოლო ძველ ბულვარში, საბავშვო მოედანზე მიმდინარეობს კაუჩუკის საფარის მოწყობა.


ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასრულდა კოლონადებისა და ვეტერანთა საჭადრაკო კლუბის სამღებრო სამუშაოები, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის საბაღე ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის, მონტაჟდება ახალი სკამები, ბოძკინტები, ნაგვის ურნები და სხვა ინვენტარი.
ინტენსიურად მიმდინარეობს მწვანე საფარის მოვლა-განახლების სამუშაოებიც. ირგვება ხე-მცენარეები და გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე ეწყობა დამატებითი სარეკრეაციო სივრცეები. მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბათუმის ბულვარის ფუნქციური და ვიზუალური პოტენციალის გაზრდას, ასევე, ტურისტული სეზონის წარმატებულად ჩატარებას.