ვულოცავთ!
საკალთბურთო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია
გუშინ, 2026 წლის 28 მაისს, აჭარის კალათბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა – ბათუმის საკალათბურთო კლუბმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.
…მე მოწმე ვიყავი იმ გამარჯვების, როცა, 2004 წელს, ბათუმის საკალათბურთო კლუბმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. მაშინ ჩვენი ნაკრები „ბასკოს“ სახელით გამოდიოდა და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახლდათ. მას შემდეგ 22 წელი გავიდა, თუმცა იმ პერიოდს ახლაც სიამაყით იხსენებენ, განსაკუთრებით, ძველი ბათუმელები. ეს იყო ბათუმური კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული პერიოდი, რომელიც აჭარის კალთბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა და აი, გუშინ კარგად გამოჩნდა, რომ დღევანდელი „ბათუმი“ იმ ძველი ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია.
იმ პერიოდში კალათბურთის სანახავად და სპორტსმენების მხარდასაჭერად უამრავი გულშემატკივარი იკრიბებოდა. მაშინ ბათუმი ერთ-ერთ საკალათბურთო ცენტრადაც კი ითვლებოდა საქართველოში და ჩემპიონობამ ეს სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა.
დღეს, როცა ბათუმის კლუბი ისევ ჩემპიონი გახდა, ბევრს სწორედ ის დრო გაახსენდა.

გუშინ უამრავი გულშემატკივარი მოვიდა ბათუმელების საგულშემატკივროდ. აქ მოვიდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ბათუმის სპორტის სასახლეში ემოციები ზღვარს გადასცდა, რადგან მატჩის დამთავრებამდე ძალიან ცოტა, 21 წამი, იყო დარჩენილი, როცა ტაბლო 81:76 უჩვენებდა, მაგრამ არა ბათუმის სასარგებლოდ – თსუ 5 ქულის სხვაობით იგებდა.
ამ დარჩენილ დროში ზღვისპირელებმა ანგარიშიც გაათანაბრეს და დამატებითში ისე იმარჯვეს, რომ მეტოქეს ქულაც არ ჩააგდებინეს. 90:81 – ამ ანგარიშმა ჩვენს გუნდს ჩემპიონობა დაუდასტურა.
გავიხსენოთ ბოლო მატჩები. საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერლიგის ფინალში გუნდების დაპირისპირება თსუ-მ საკუთარ მოედანზე მოიგო, მერე ბათუმმა თბილისშივე ანგარიში გაათანაბრა და მესამე შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა, ოღონდ უკვე ბათუმში.
გადამწყვეტი იყო სწორედ გუშინდელი, მეოთხე შეხვედრა, რომელსაც ისევ ბათუმმა უმასპინძლა. თუ ზღვისპირელები მოიგებდნენ, ჩემპიონის ტიტულს დაისაკუთრებდნენ, წაგების შემთხვევაში კი შეხვედრა თბილისში უნდა გამართულიყო და ჩემპიონის ტიტულის მფლობელიც იქ გაირკვეოდა.
როგორც აღვნიშნეთ, ბათუმელთათვის შეხვედრის ბოლო წუთები დრამატულად წარიმართა. ჩვენი გუნდი აგებდა, მაგრამ სასწაული მოხდა – საფინალო სასტვენამდე 21 წამით ადრე ტომასმა ჯერ სამქულიანი ჩააგდო, მერე ორი საჯარიმოც მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა.
დამატებით დროში ბათუმელებმა შესანიშნავად ითამაშეს – მეტოქეს, რომელმაც ერთი ქულაც კი ვერ მოიპოვა, 9 ქულა ჩაუგდეს და ანგარიშით 90:81 გაიმარჯვეს. მათ დამსახურებულად მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონის ტიტული.
ფინალური სერიის საუკეთესო კალთბურთელი ამერიკელი ლეგიონერი მაირინ ტომასი აღმოჩნდა, რომელმაც გუნდს 28 ქულა შესძინა, ასევე, 15 მოხსნა მიითვალა, გიორგი ოჩხიკიძემ – 22 ქულა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა და კარსონ ბაშამმა – 11-11 ქულა.
რაც შეეხება მოწინააღმდეგის გუნდს, ყველაზე მეტი ქულა კლუბს მაკკოლიმ შესძინა – 24, ხოლო გიორგი ტურძილაძემ – 23.
ბათუმელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ბუბა ბერიშვილი საუკეთსო მწვრთნელად დასახელდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ბუბა ბერიშვილი გუნდს მეხუთე წელია წვრთნის და დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. ის არა მარტო პროფესიონალი, არამედ საუკეთესო ადამიანიცაა.
– ბედნიერები ვართ, რა თქმა უნდა, ფინალში ასეთი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ, რთული თამაში – ფინალს ეს სჩვევია. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ თამაში შემოგვებრუნებინა… უფლის წყალობით დაგვიფასდა მთელი წლის შრომა… ყველაფერი კარგად დამთავრდა, გულშემატკივრები გავახარეთ, ბათუმს 22 წლის წინანდელი სიხარული დავუბრუნეთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მეტოქესაც რომელმაც საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და კარგი თამაში უჩვენა… მადლობა გულშემატკივარს… თითოეულ ადამიანს… და, რა თქმა უნდა, ჩემს ბიჭებს, – გვითხრა ბუბა ბერიშვილმა.
– ახლა ზღვა ემოციები მაქვს და შეიძლება დალაგებულად ვერ ვთქვა, მაგრამ დღევანდელი თამაშის მოგება აუცილებელი იყო, რადგან 22 წელია, კალათბურთში ამ ქალაქში ზეიმი არ ყოფილა და ჩვენ ამას მივაღწიეთ და ძალიან გახარებულნი ვართ, – თქვა ბათუმელთა გუნდის წევრმა აკაკი დვალიშვილმა.
– დღეს ძლიან დაძაბული თამაში გვქონდა, ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ მოედანზე საკუთარ თავში დარწმუნებულები გამოვედით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთებზე ვმარცხდებოდით, ყველამ მობილიზება შევძელით, სასურველი ქულები ავიღეთ და დამატებითში გადავედით. აქ უკვე უპირატესობა ჩვენ მხარეზე იყო და, რაც მთავარია, გულშემატკივარმა დიდი როლი ითამაშა. მათი შეძახილები დამატებით მოტივაციას გვაძლევდა – წაგების უფლება არ გვქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით და თქვენი გულშემატკივრობით. მადლობა მათ და ბათუმს, მწვრთნელს, ჩემს გუნდს. ყველა მიყვარხართ. აღნიშნა მაირინ ტომასმა.
– ყველაზე გასახარი ის არის, რომ დრამატული მატჩი ასეთი სანახაობრივი გამოდგა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრით ყველა აქ მოსულმა ისიამოვნა. გულრწფელად ვულოცავ ბათუმს დამსახურებულ გამარჯვებას. 22 წლის შემდეგ გახდა ჩემპიონი და მომავალ სეზონზე იცით, რომ ჩემპიონი სექტემბრიდან ერთვება საერთაშორისო ტურნირებში. ჩემპიონ გუნდს ყველგან დიდ წარმატებას ვუსურვებ, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბათუმელ კალათბურთელებს დამსახურებულ გამარჯვებას!
მანანა ძიძიშვილი