ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა
By

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ორალოღლუმ.

ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ასევე, სტუმრები უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ახალი სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

„ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას. მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით, პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებითი ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივნისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *