ბათუმმა „დასაქმების ფორუმს“ უმასპინძლა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასშტაბური ,,დასაქმების ფორუმი“ გაიმართა, რომელზეც რეგიონში მოქმედი 80-მდე კომპანია 300-ზე მეტი ვაკანსიით და 2000-მდე სამუშაო ადგილით იყო წარმოდგენილი.
ფორუმი მიზნად ისახავდა შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევას და სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლების, ასევე, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობას.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი კვალიფიკაციისა და დასაქმების სასურველი ხანგრძლივობის შესაბამისად, ადგილზე შეერჩიათ პოზიციები ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.
ფორუმის მონაწილეებმა, უშუალოდ დამსაქმებლებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ.
-ეს გახლავთ უნიკალური პლატფორმა თითოეული მოქალაქისთვის. მადლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ვინაიდან ამ ფორუმზე განხილულია ყველა ის გამოწვევა, რაც შრომით ბაზარზე არსებობს და სამუშაოს მაძიებლისთვის არის უნიკალური შესაძლებლობა, მიიღოს ახალი ინფორმაცია, აგრეთვე, იმის შესაძლებლობა, რომ გადამზადდეს და თანამედროვე კომპეტენციების მიმართულებით გაიკვალოს თავისი უნარ-ჩვევები, პროფესია განავითაროს და მიიღოს დასაქმების შესაძლებლობა, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
ფორუმი წარმოადგენს ხელსაყრელ პლატფორმას დამსაქმებლებსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან მიახლოებას და მათ განხორციელებაში დამსაქმებელთა ჩართულობის გაძლიერებას.
აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის თემურ კახიძის განცხადებით, შრომის ბაზარზე რიგი გამოწვევები არსებობს, ყველაზე მნიშვნელოვანი, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი დისბალანსია. შესაბამისად, მისივე თქმით, აღნიშნული ფორუმი ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლებს, პირისპირ გაესაუბრონ დამსაქმებელს და დააინტერესონ.
– ეს არის პლატფორმა, რომელიც ბიზნესს და საგანმანათლებლო სექტორს აკავშირებს, რათა რაც შეიძლება მეტად იყოს ბიზნესი საგანმანათლებლო ნაწილში ჩართული და შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამები მიუახლოვდეს ბიზნესის რეალურ საჭიროებებს, – განაცხადა თემურ კახიძემ.
ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და აჭარის დასაქმების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.