მაჭახელას ეროვნულ პარკში
აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მინურ პაქსაძე, მაჭახელას ეროვნულ პარკში, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
შეკრებილებს მიესალმნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი ჯემალ ნაკაშიძე და მეცნიერი იზოლდა მაჭუტაძე. მათ ყურადღება გაამახვილეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვაზე, ამ მიმართულებით მიმდინარე აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობასა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები იზოლდა მაჭუტაძე და მაია ქათამაძე, აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები, ეკოლოგები და დარგის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. ახალგაზრდებმა ეროვნული პარკის ვიზიტიორთა ცენტრში მოისმინეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების შესახებ, დაათვალიერეს ცენტრთან არსებული მუზეუმი, მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას ადგილზე წარმოდგენილი ნიმუშებით გაეცნენ.
მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო ეკოტურის ფარგლებში, დაათვალიერეს ეროვნულ პარკი, სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, ტყისა და წყლის რესურსების დაცვის თემატიკაზე.
ღონისძიება მადლობის ბარათებითა და სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
თამაზ მგზავრიძე