აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, 43 წლის მამუკა ართმელაძე 4 ივნისს ლუიზიანის შტატშია გარდაცვლილი.
„ეი-ბი-სი ნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ უწყებამ კანონმდებლებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა.
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის შეტყობინების თანახმად, ართმელაძე უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და სიცოცხლის გადასარჩენად გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, დაახლოებით 23:22 საათზე ექიმმა მამუკა ართმელაძე გარდაცვლილად გამოაცხადა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
„ეი-ბი-სი ნიუსის“ ცნობით, ართმელაძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია და ექსპერტიზის შედეგად გაირკვევა.
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ინფორმაციით, ართმელაძე თებერვალში ახალ ორლეანში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ოპერაცია მიმართული იყო „კომერციული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნეოდა“.
„აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა ართმელაძე მას შემდეგ დააკავა, რაც დადგინდა, რომ მას არ ჰქონდა შეერთებულ შტატებში კანონიერი სტატუსით დარჩენის უფლება“, – აცხადებენ უწყებაში.
„ეი-ბი-სი ნიუსის“ ცნობით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრებში გარდაცვალების შემთხვევების ზრდა იმ ფონზე ხდება, როდესაც კანონმდებლები და მიგრანტთა უფლებების დამცველები სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ დაკავების ცენტრებში არსებულ პირობებს.