რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანა ამ ეტაპზე არ განიხილება
By

რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანა ამ ეტაპზე არ განიხილება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შესაძლო ფასიან გზად გადაკეთებასთან დაკავშირებით. დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის დაჩქარება დაკავშირებულია მხოლოდ პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობასთან. აღნიშნული გზის მნიშვნელობა განპირობებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებით, ისე, ქვეყნის საგზაო ქსელის მდგრადობითა და უსაფრთხოებით. შესაბამისად, საუბარი ალტერნატიულ ფუნქციაზე არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც ფასიანი გზების შემოღების წინაპირობა.

ამასთან, მივიჩნევთ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებულ სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან თემას ეხება, თუმცა არასწორია. საერთაშორისო პრაქტიკაში გზების დაფინანსებისა და მართვის სხვადასხვა მოდელი არსებობს და მსგავსი საკითხები საჭიროებს კომპლექსურ ანალიზს, ფართო პროფესიულ განხილვასა და საზოგადოების წინასწარ ინფორმირებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით სარგებლობა უფასოა და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება დღის წესრიგში არ დგას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და არსებული ქსელის გაუმჯობესებას მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთის შექმნის გარეშე.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებისას, ინფორმაციის სრულყოფილად და დაბალანსებულად მიწოდების მიზნით, შესაბამისი უწყების ოფიციალური პოზიციაც გადაამოწმონ და საზოგადოებას სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

  • No Comments
  • ივნისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *