თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარუდგინეს
By

თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარუდგინეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და უწყების ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელად ბესიკ ბაუჩაძე და ხელმძღვანელის მოადგილედ ასლან ლორთქიფანიძე წარადგინა.

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, თანამშრომლებს მრავალწლიანი საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ხელმძღვანელებს წარმატებები უსურვა.

„დღეს აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო საკითხები განვიხილეთ. თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანია დოკუმენტების გაციფრულება და ჩვენი საარქივო სამსახური ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ასევე, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება სერვისების გაუმჯობესება, რათა მოქალაქეებმა საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ოპერატიულად მიიღონ.

დღესვე, თანამშრომლებს საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ბესიკ ბაუჩაძე წარვუდგინეთ – მას არქივში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის თბილი დამოკიდებულება, რომელიც მის მიმართ სამმართველოში დასაქმებულ თანამშრომლებს ჰქონდათ. მოადგილის პოზიციაზე კი წარვადგინეთ ასლან ლორთქიფანიძე, ჩვენი გუნდის ღირსეული და გამოცდილი წევრი. დარწმუნებული ვარ, მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება ხელს შეუწყობს სამმართველოს კიდევ უფრო ეფექტიან მუშაობას. მინდა ორივეს წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში და აქვე მადლობა გადავუხადო ყოფილ ხელმძღვანელს, გაწეული სამსახურისთვის“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

„ასლან ლორთქიფანიძესთან ერთად დიდი გზა გვაქვს გავლილი, პატიოსანი, შრომისმოყვარე და საიმედო ადამიანია, რომელიც არაერთ პოზიციაზე გვინახავს. დღევანდელი დღე ადამიანური და პროფესიული ფასეულობების სინთეზის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ჩვენი პასუხისმგებლობებით, შესაძლებლობებითა და მშვიდობით ბევრი რამ იქმნება აწმყოში, რაც მომავალი თაობებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ.

შეხვედრაზე განიხილეს საარქივო მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და ინსტიტუციურ განვითარებას, რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც უწყებებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 

  • No Comments
  • ივნისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *