როცა სცენაზე ნამდვილი ლეგენდაა…
ბათუმმა პირველმა აღნიშნა ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილე
საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს, ბათუმის მერიის ერთობლივი ძალისხმევით, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეგენდარული ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

მომღერლის თაყვანისმცემლებით გადავსებული დარბაზი მართლაც სასწაულის მოწმე გახდა – სცენაზე იდგა 90 წლის ქალბატონი, რომელიც წლებია უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა და სარგებლობს არამხოლოდ საქართველოში. ქალბატონმა ნანიმ დაიპყრო ათასობით მსმენელის გული. მისთვის ათობით ცნობილი ქართველი კომპოზიტორი სპეციალურად წერდა სიმღერებს, ის არაერთი შესანიშნავი სიმღერის პირველი შემსრულებელი გახლავთ.
დარბაზი არაერთხელ წამოუდგა ფეხზე „საუკუნის მომღერალს“, – სცენაზე ნამდვილი ლეგენდა იდგა…

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
– ძალიან ემოციური საღამო იყო, მოხარულები ვართ, რომ ქალბატონი ნანის იუბილე ბათუმიდან დაიწყო. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მაყურებელი იყო უზომოდ ბედნიერი. ეს კულტურის, ტრადიციის, ურთიერთობების, თაობების ზეიმი იყო. დამერწმუნეთ, რომ ქალბატონ ნანის შემოქმედებაზე არაერთი თაობა გაიზრდება. მინდა მადლობა ვუთხრა მას, მის ოჯახს, ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართელოს კულტურის სამინისტროს, ქალბატონ მინისტრ თინათინ რუხაძეს, მისი უშუალო ჩართულობისთვის. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი – ეს იყო სიყვარულის, წარმატების, ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, ურთიერთობის ზეიმი. მინდა ყველას მივულოცო და ვუსურვო წარმატებები, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

– ნანი ბრეგვაძე ცოცხალი ლეგენდა და სცენის ნამდვილი დედოფალია. მისი 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ბათუმიდან დაწყება სიმბოლური და სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ქალბატონ ნანის ბათუმი განსაკუთრებულად უყვარს. ემოციურად დატვირთულმა დღევანდელმა საღამომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად გამორჩეული ადამიანია ქალბატონი ნანი. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ ბევრ ბედნიერ შეხვედრას მაყურებელთან. მადლობა ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის. მადლობა აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას მხარდაჭერისთვის, მადლობა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილს პროფესიონალიზმისთვის და რა თქმა უნდა, ნანი ბრეგვაძეს იმ უდიდესი შემოქმედებითი მემკვიდრეობისთვის, რომელიც მან საქართველოს აჩუქა, – გვითხრა თინათინ რუხაძემ.

საღამოში, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძეს მიჰყავდა, მონაწილეობდნენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“.
კონცერტს მუსიკალურად ფსეტივალის ორკესტრი და ბენდი აფორმებდნენ მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
P.S. უფრო ვრცლად ამ არაჩვეულებრივი საღამოს შესახებ გაზეთ „აჭარაში“ წაიკითხავთ.
მანანა ძიძიშვილი