ლუკაშენკო: თუ ჩემი სიტყვებით განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მუქარაზე პასუხის გაცემა მომიწია
By

ლუკაშენკო: თუ ჩემი სიტყვებით განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მუქარაზე პასუხის გაცემა მომიწია

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ გაკეთებული მისი მკაცრი კომენტარები, უკრაინის მხრიდან მუქარებს მოჰყვა. მისი თქმით, კიევიდან ისმოდა განცხადებები, რომ უკრაინულ მხარეს ბელარუსში ასობით პოტენციური სამიზნე ჰქონდა გამოვლენილი და მისი ადგილსამყოფელიც ცნობილი იყო.
„შესაძლოა, გადავაჭარბე, მაგრამ ეს მისი უადგილო განცხადებების პასუხი იყო: „დიახ, ჩვენ გვაქვს 500 სამიზნე, დიახ, ვიცით, სად არის ლუკაშენკო. ხვალ რაკეტებითა და დრონებით დარტყმას მივაყენებთ“. ჩუმად ვიყავი. ყველას უკვირდა, რომ ჩუმად ვიყავი. მივხვდი: ეს ადამიანი ზეწოლის ქვეშ იყო, ახალგაზრდა კაცი, გამოუცდელი, ის სამხედრო პირი არაა. შესაძლოა, თავში რაღაც აერ-დაერია. ჩუმად ვიყავი. მაგრამ როდესაც მათ მუქარა დაიწყეს, იძულებული გავხდი, მეპასუხა. თუ ვოლოდიმირ ალექსანდრეს ძე განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი მას ამ სიტყვებისთვის. შესაძლოა, არ უნდა მეთქვა, იმის გათვალისწინებით, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, ბრძოლაშია. შესაძლოა, ასე მკაცრად არ უნდა მესაუბრა ამაზე. მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გაიგოს: „როგორც მოექცევი, ისე მოგექცევიან“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ბელარუსის ლიდერის თქმით, ზელენსკიმ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, რადგან კარგად იცის, რომ ბელარუსის მხრიდან სამხედრო ქმედებები მოსალოდნელი არ არის.
„მას შესანიშნავად ესმის, რომ ბელარუსისგან, განსაკუთრებით კი ჩემგან, არანაირი სამხედრო ქმედება არ არის მოსალოდნელი. ის უნდა დამშვიდდეს და მიიღოს რეალობა: არ არის საჭირო ჩემი ან ბელარუსების პროვოცირება. ბელარუსში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ისევე სურს მშვიდობა, როგორც მას და უკრაინელებს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიხსენა საკუთარი გაფრთხილება და განაცხადა, რომ თუ ბელარუსს საფრთხე დაემუქრება, უკრაინის ტერიტორიაზე „ძალიან სერიოზულ“ სამიზნეს დაარტყამს.

  • No Comments
  • ივნისი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *