დიდი შვიდეული უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ზრდის
„დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერებმა სამიტის დასრულების შემდეგ, უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისა და რუსეთის მიმართ ზეწოლის გაზრდის შესახებ ახალი გადაწყვეტილებები გამოაცხადეს. ერთობლივ განცხადებაში ისინი ადასტურებენ, რომ კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებას გეგმავენ.
G7-ის ქვეყნები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის გაიზრდება საჰაერო თავდაცვის სისტემების, ჩამჭრელი რაკეტებისა და შორი მოქმედების იარაღის მიწოდება. ამასთან, ლიდერები მზად არიან განიხილონ უკრაინისთვის შესაბამისი ლიცენზიების გაცემა, რაც ქვეყანაში სამხედრო წარმოების გაფართოებას შეუწყობს ხელს. განცხადებაში ასევე, ხაზგასმულია უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ ქვეყანა დამატებით დახმარებას მიიღებს, რათა მომავალი ზამთრის გამოწვევებს გაუმკლავდეს.
„ვთანხმდებით, რომ ქვეყანას დამატებითი მხარდაჭერა გავუწიოთ, რათა მან მომავალი ზამთარი წარმატებით გადაიტანოს. ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე. ამ კონტექსტში, გავამკაცრებთ სანქციებს, მათ შორის, ნავთობისა და გაზის სექტორების მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს. მიგვაჩნია, რომ ახლა არის შესაფერისი დრო დამატებითი ზომების მისაღებად“ – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა უკრაინის საკითხისა, G7-ის ლიდერები მიესალმნენ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ბირთვულ პროგრამასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს ეხება. მათი შეფასებით, ეს შეთანხმება ქმნის ისტორიულ შესაძლებლობას, თავიდან იქნას აცილებული ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა და შემცირდეს რეგიონული საფრთხეები.
„მივესალმებით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით და შუამავალი ქვეყნების მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების გამოცხადებას.
მხარს ვუჭერთ და მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სატრანზიტო გადაადგილების უფლება შეზღუდვებისა და გადასახადების გარეშე საერთაშორისო ვაჭრობის საფუძველია. ვეთანხმებით, რომ საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მრავალეროვნულ, დამოუკიდებელ და თავდაცვით ინიციატივას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებით, მტკიცედ უჭერენ მხარს პრეზიდენტ ტრამპის მიერ უზრუნველყოფილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მტკიცე და ყოვლისმომცველ დიპლომატიურ შეთანხმებას, რომელიც რეგიონში ყველასთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების მომტანი იქნება.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ასეთი მოლაპარაკებები სასარგებლო იქნება შესაბამისი რეგიონული და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წვლილის შეტანით.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.