„ვაშინგტონი ამას „მშვიდობას ძალის მეშვეობით“ უწოდებს, ხოლო თეირანი – „გამძლეობის გამარჯვებას ზეწოლაზე“
ანალიტიკოსი და პუბლიცისტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „თუ ირან-ამერიკულ 14-პუნქტიან მემორანდუმის პროექტს დავეყრდნობით, ეს უფრო ჰგავს არა აშშ-ის გამარჯვებას, არამედ მცდელობას, სტრატეგიული უკანდახევა შემდგომში „მშვიდობისმყოფელობის“ რიტორიკით შეფუთონ. ვაშინგტონი ოპერაციას იწყებდა ზეწოლის, შეკავების, საფრთხის განეიტრალებისა და სპარსეთის ყურეზე კონტროლის აღდგენის ლოზუნგებით, ხოლო საბოლოოდ მივიდა დოკუმენტამდე, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, 60-დღიან მოლაპარაკებებს, ათწლეულებით მოქმედი სანქციების ეტაპობრივ მოხსნას, ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებულ შეღავათებს, ირანისთვის გაყინულ აქტივებზე წვდომას და ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის განხილვას.
ფაქტობრივად, თუ ეს პირობები სრულად ამოქმედდება, ძნელია ეს კლასიკურ გამარჯვებად შეფასდეს იმ მიზნების ფონზე, რომლებიც ოპერაციის დასაწყისში იყო დეკლარირებული.
დონალდ ტრამპის მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში მხოლოდ საგარეო პოლიტიკა არ არის, არამედ შიდა პოლიტიკური განზომილებაც. როგორ უნდა წარუდგინოს ეს ამერიკელ ამომრჩეველს, როგორც ძალის ტრიუმფი? თუ ას დღეზე მეტი ხნის სამხედრო და სანქციური ზეწოლის შემდეგ, მოწინააღმდეგე იღებს ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობას, ფინანსურ შეღავათებს, აქტივების განბლოკვის პერსპექტივას და ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების სრულფასოვან სტატუსს ინარჩუნებს, ეს ძნელად შეიძლება შეფასდეს ირანის კაპიტულაციად. უფრო მეტად ეს ჰგავს იმის აღიარებას, რომ სამხედრო და ეკონომიკურმა ზეწოლამ ვერ შეძლო ირანული სისტემის გატეხვა და მისთვის საკუთარი ნების თავსმოხვევა. მაქსიმემ, რასაც მიაღწიეს – ერთი ჰამენეი მეორე ჰამენეით ჩაანაცვლეს.
ყველაზე მტკივნეული ტრამპისთვის ალბათ ამ ყველაფრის სიმბოლური მხარეა. აშშ-ის სახელმწიფოებრიობის 250 წლის იუბილესა და 4 ივლისის დღესასწაულის წინ, მას გამარჯვებულის იმიჯის დემონსტრირება სჭირდება – ლიდერის, რომელმაც ამერიკის ძლიერება აღადგინა. ამის ნაცვლად კი მას უწევს ახსნა, რატომ წავიდა ვაშინგტონი შეთანხმებაზე იმ რეჟიმთან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ იყო წარმოდგენილი. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური გზავნილი უკვე აღარ არის „ჩვენ გავიმარჯვეთ“, არამედ – „ჩვენ თავიდან ავიცილეთ უარესი სცენარი“. ეს კი ორი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ნარატივია.
პროგნოზი საკმაოდ ნათელია: ტრამპი შეეცდება შეთანხმება წარმოაჩინოს როგორც „ძალის შედეგად მიღწეული გარიგება“ და ამტკიცოს, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან მხოლოდ აშშ-სა და ისრაელის ზეწოლის შედეგად დაჯდა. მისი ოპონენტები კი ყურადღებას გაამახვილებენ იმაზე, რომ ომმა ვერ გაანადგურა ირანის პოტენციალი, სანქციურმა სისტემამ ბზარები მიიღო, ხოლო თეირანმა მიიღო ფინანსური და დიპლომატიური შესაძლებლობების ახალი ფანჯარა. თავად ირანი კი ამას საკუთარ რეგიონში წარადგენს, როგორც გამძლეობისა და მედეგობის ისტორიულ გამარჯვებას – ქვეყანამ გაუძლო ზეწოლას, არ ჩამოიშალა, შეინარჩუნა სუბიექტობა და საბოლოოდ აიძულა აშშ, კომპრომისის ენაზე ელაპარაკა. შესაბამისად, უახლოეს თვეებში მთავარი ბრძოლა, სავარაუდოდ, არა მხოლოდ შეთანხმების საბოლოო ტექსტისთვის, არამედ მისი ინტერპრეტაციისთვისაც გაიმართება: ვაშინგტონი ამას „მშვიდობას ძალის მეშვეობით“ უწოდებს, ხოლო თეირანი – „გამძლეობის გამარჯვებას ზეწოლაზე“.