შოთა ბერიძეს სადაც კი უმოღვაწია, ყველგან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა
ერთი წელი გავიდა, რაც მარადიულ სასუფეველში გადაინაცვლა გამორჩეულმა მეგობარმა, მამამ, მეუღლემ, პედაგოგმა, სტუმართმოყვარე კაცმა – შოთა ხასანის ძე ბერიძემ. მან ქალბატონ ნათელასთან ერთად ქვეყანას გაუზარდა ოთხი შვილი, რომლებიც დღეს თავიანთ ოჯახებთან ერთად მამის კვალს მიჰყვებიან.
ცხრა თვის გახლდათ შოთა ბერიძე, როცა მამა დაუპატიმრეს როგორც კონტრრევოლუციონერი და შორეულ ციმბირში გადაასახლეს სასჯელის მოსახდელად. მაშინ სულ რაღაც 28 წლის იყო ბატონი ხასანი. იგი 1941 წლის აპრილში გარდაიცვალა. სამი წლის იყო შოთა ბერიძე, როცა დედამ მეორე ოჯახი შექმნა, შოთა კი იზრდებოდა ბებია-ბაბუასთან. ობლობამ და რთულმა ცხოვრებამ ბევრი ტკივილი და მწარე მოგონება დაუტოვა ბატონ შოთას, მაგრამ არ გაბოროტებულა, არ განაწყენებულა და მამას მონატრებულმა, თავისი შრომისმოყვარეობით, მოყვასისადმი სიყვარულით მაინც დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი საზოგადოებაში.
ბატონი შოთა პედაგოგობას ხშირად უთავსებდა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობასაც, იყო გაზეთ „შუახევის“ შტატგარეშე კორესპონდენტი, ადგილობრივი რადიოს რედაქტორი, კოლმეურნეობის პარტიული ორგანიზაციის მდივანი, შუახევის განათლების განყოფილების მეთოდისტი, სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) ხრიალეთის ჯერ დაწყებითი, შემდეგ რვაწლიანი სკოლის დირექტორი.
სადაც კი უმოღვაწია შოთა ბერიძეს, ყველგან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა კოლეგებს, მეზობლებს, მეგობრებს შორის, საზოგადოებაში. საქართველოს განათლების სამინისტროდან მიღებული აქვს დამსახურებული პედაგოგის წოდება, ასევე, დაჯილდოებულია სიგელით -„მარეთის ხეობის და ოზურგეთის რაიონის დამსახურებული პედაგოგი“.
მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ასვენებდა დარდი და ფიქრი მამის საფლავის ადგილსამყოფელის შესახებ. სამწუხაროდ, არც ფოტოსურათი დარჩა შემონახული. სულ იმაზე წუხდა, რომ სიზმარშიც ვერ ნახულობდა მამას… 2017 წლის ივნისში მისმა შვილმა ბეჟან ბერიძემ აუსრულა ნატვრა. ქალაქ ეკატერინბურგიდან 500 კილომეტრის დაშორებით მიაკვლია ხასან ბერიძის საფლავს, ამავე ქალაქის არქივში კი ხასან ბერიძის პირად საქმეს, მის ხელმოწერას ქართულ ენაზე და თითების (ორივე ხელის) ანაბეჭდებს, რომლებიც ჩამოუტანა მამას – შოთა ბერიძეს. მაშინ შოთა ბერიძემ ბეჟანს უთხრა: „შვილო, მე ხელმეორედ დავიბადე“.
ამჟამად სასაფლაოზე დადგმულია მემორიალური ქვა – ხასან ბერიძის და სხვა რეპრესირებულთა პატივსაცემად. საფლავს ხშირად სტუმრობენ და ყვავილებით ამკობენ იქაური მკვიდრნი, ბეჟანის მეგობარი ალექსეი რაგოზინი და მისი ოჯახი.
2025 წლის 27 მაისს შოთა ბერიძემაც დატოვა ოჯახი და შეხვდა მამას მარადიულ სასუფეველში.
წლისთავზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ოჯახის ახლობლები, ნათესავები, მეგობრები და პატივი მიაგეს სახელუკვდავი შოთა ბერიძის სულს. იძინე ტკბილად მუდმივ სასუფეველში, მსუბუქი იყოს შენზე დაყრილი მშობლიური მიწა.
ბეჟან ბერიძე
დიმიტრი ცეცხლაძე
სერგო დუმბაძე