„ყველაფერი დაიწყო აღქმით… რომ ვყოფილიყავი წინა თაობაზე უკეთესი“
By

„ყველაფერი დაიწყო აღქმით… რომ ვყოფილიყავი წინა თაობაზე უკეთესი“

არსებობენ ადამიანები, რომელთა საქმიანობა მხოლოდ პროფესია არ არის. ეს მათი ცხოვრების წესი და სხვებისთვის შთაგონების წყაროა. სწორედ ასეთ ადამიანებს შორისაა ილია შავიშვილი – მუსიკოსი, გიტარისტი, პედაგოგი, „რადიო აჭარის“ ჟურნალისტი და სიმღერების ავტორი, რომელმაც საკუთარი შემოქმედებით არაერთი ადამიანის გულამდე მიაღწია. ილია საკუთარი დამოკიდებულებით, კეთილგანწყობითა და პოზიტიური ენერგიით ყველგან განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. მისი ოპტიმიზმი, გულწრფელი დამოკიდებულება და მუდმივი შემოქმედებითი ძიება სხვებსაც მოტივაციას აძლევს, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები და ხელოვნებაში საკუთარი ხმა იპოვონ. გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ილია შავიშვილთან.

ვინ ვარ და ვინ მინდოდა ვყოფილიყავი
– ვარ მუსიკოსი, გიტარისტი, პედაგოგი, რადიოწამყვანი. მინდოდა ვყოფილიყავი მუსიკოსი სრული დატვირთვით და გაგებით.
დილა იწყება
– შვილებზე ჩახუტებით.
ბავშვობიდან ყველაზე მძაფრად მახსენდება...
– სიღარიბე, შიმშილი.
ცხოვრება ჰგავს...
– ირონიულ ფილმს.
ყველაფერი დაიწყო აღქმით, რომ
– ვყოფილიყავი წინა თაობაზე უკეთესი.
ბევრჯერ მიფიქრია
– წარსულსა და მომავალზე თანაბრად.
დამსხვრეული სტერეოტიპები
– „მაგი მასე არ გამოვა“.
სიყვარული რომ არ ყოფილიყო
– მზე იტირებდა და ჩაქრებოდა (არ გაირითმა, თუმცა მიმხვედრი მიხვდება).
ყველაზე დიდი იმედგაცრუება
– „რაცხა იქნება“.
წიგნი, რომელშიც საცხოვრებლად გადავიდოდი
– არსად გადავიდოდი, რახან აქ ვარ, ესე იგი, ასეა საჭირო და აქ მაქვს შესასრულებელი მისია.
ყველაზე უცნაური ჩვევა
– ყველაფერს აქვს ახსნა, ამიტომ არა მგონია, უცნაური ჩვევა მქონდეს.
არასოდეს...
გავთხოვდები (იცინის).
ყველაზე დიდი სისუსტე
ინგლისური ენის სათანადოდ არცოდნა.
საოცნებო სამსახური
– არცერთი სამსახური არ არის საოცნებო.
სამყაროს აღქმის ჩემეული ემოცია
– სიყვარული.
ფილმი, რომელიც არასდრო მბეზრდება
– თუ ერთჯერ ვუყურე, რატომ უნდა ვუყურო ხელმეორედ?
საყვარელი ადგილი დასვენებისთვის
– მთა.
ერთ დღესაც გათენდება და. . .
ვისწავლით ურთიერთპატივისცემას.
ვნანობ
– არაფერს ვნანობ.
ყველაზე დაუვიწყარი მოგზაურობა
– მოგზაურობა ყველა კარგია.
– დაგეგმვა თუ სპონტანურობა?
– დაგეგმვა.
სევდას მგვრის
– სხივისი ტკივილი.
ჩემზე ამბობენ
ბევრს ამბობენ – კარგსაც, ცუდსაც, მაგრამ უმეტესად, მაინც კარგს. ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე ეს ინფორმაცია მოდის დიდწილად.
ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ცხოვრებამ მასწავლა
ყველა დღეს შეიძლება მიიღო ახალი გაკვეთილი, დადებითიც და უარყოფითიც. ალბათ, უარყოფითი უფრო კარგია, რადგან ზუსტად იცი, როგორი არ უნდა იყო, როგორ არ უნდა მოიქცე და ა.შ.
რა ფერი აქვს სიკეთეს?
წითელი (როცა სიკეთეს ვაკეთებ, ან ვიღებ სხვის სიკეთეს, ვწითლდები, ამიტომ წითელია).
სამყაროს შეცვლა რომ შეიძლებოდეს, რა იქნებოდა პირველი ნაბიჯი?
– არ მიმაჩნია მართებულად სამყაროს შეცვლა.
დავიწყება რომ შემეძლოს
– არ არის მსგავსი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. როგორც ვთქვი, ყველაზე მწარედ გასახსენებელიც კი კარგი გაკვეთილია.
ფობია
– არ მაქვს. ასეთი უინტერესო კაცი ვარ (იცინის).



– სიმღერა,
რომელიც ყველაზე მეტად მგავს
– არცერთი.
შთაგონების წყარო
– ყველაფერი.
ბოლოს წავიკითხე
– ამ კითხვის წინა კითხვა.
მავსებს
– საყვარელი ხალხი.
ამოჩემებული ფრაზა
– „ჰემ კაკაი, ჰემ კუკუი“.
ცრემლებს ვერ ვიკავებ, როცა. . .
ვიკავებ.
საკუთარ თავში შევცვლიდი
– არაფერს.
ბედნიერება ერთ სიტყვაში
– შვილი.
მწამს
– ბუნების ძალის.
დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა
– მეტნაკლებად, ყველა დღე გვცვლის.
ადამიანი ადამიანისთვის
– იმაზე კარგი მეგობარია, ვიდრე ლომი ადამიანისთვის.
ყველაზე დიდი ჯილდო
– შვილები.
ქალი
– უფ. . . კაია. . .
ყოველთვის ერთნაირად აღმაფრთოვანებს
– თავგანწირვა.
თავისუფლება არის
– ჩვენში.
გზავნილი სამყაროს
– კუ კუ. . .
ჩემზე არავინ იცის, რომ
თუ გითხარით, ხომ ეცოდინებათ?
მჯერა
– საკუთარი თავის.
მომავლის კადრი
– ბედნიერი ერი.
– 10 წლის შემდეგ…
ვიქნები 10 წლით უფროსი, ან – არა.
ახლა ყველაზე მეტად მინდა
– ბლიცის დასრულება (იცინის).

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *