პრემიერის ყოველწლიური ანგარიში და პოლიტიკური შეფასებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, სადაც ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საგარეო კურსზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებსა და მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.
პარლამენტში ანგარიშის წარდგენას საქართველოს მთავრობის, ასევე ოპოზიციის წევრები, კონსტიტუციური ორგანოებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, თბილისის მერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შესახებ, რომლის საქმიანობის შედეგად ჯამში – 101 მლნ ლარი დაიზოგა, ასევე, ხაზი გაუსვა მთავრობის გამჭვირვალობას და განაცხადა, რომ ქვეყნდება ყველა სამთავრობო აქტი, რაც ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
პრემიერმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა კორუფციის აღმოფხვრაზე, მისი განცხადებით, კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად დამარცხებულია.
მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეკონომიკა გადაცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი და ეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც. მისივე განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზეც აისახა.
,,ხშირად ისმება კითხვა, რამდენად აისახება მოსახლეობაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია გადახდილი საშემოსავლო გადასახადები. საშემოსავლო გადასახადს იხდის დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, დაქირავებით დასაქმებული თითქმის ყველა პირი. 2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1 მლრდ 764 მლნ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3 მლრდ 326 მლნ ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8 მლრდ 261 მლნ ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაბეგვრის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები შეადგენს 33 მლრდ ლარზე მეტს. როდესაც იგივე მაჩვენებელი 2020 წელს იყო 13, 3 მლრდ. 13, 3 მლრდ-დან მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდა და გადასცდა 33 მილიარდს, 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი იყო 7,1 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც აქვს ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების გაზრდასა და სავალუტო რეზერვების რეკორდულ მაჩვენებელს, ასევე ხელფასების ზრდის მაჩვენებელს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2,65-ის ფარგლებში სტაბილურად ნარჩუნდებოდა ლარის კურსი და ახლა 2,65-ზე ქვემოთ არის ჩამოსული.
ანგარიშის ფარგლებში პრემიერმა ისაუბრა ინფრასტრუქტურულ სექტორში განხორციელებულ საჰაერო და საზღვაო რეფორმებსა და პროექტებზე, რომლებიც შეეხებოდა რკინიგზის მოდერნიზაციას, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებას, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალისა და თელავის აეროპორტის მშენებლობას, ასევე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და საგზაო მაგისტრალების მშენებლობას. პრემიერმა ანგარიშში ხაზგასმით ისაუბრა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებზეც.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სფეროს წარმატებაზე.
„2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით – ტურიზმიდან შემოსავალმა გასულ წელს 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა მიმოიხილა სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით განხორციელებული ინვესტიციები და აღნიშნა, რომ 2025 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 9%-ით გაიზარდა და 19.8 მილიარდი ლარი შეადგინა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ჯანდაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც. მისი თქმით, მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა გადააჭარბა 2,2 მილიარდ ლარს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი.
პრემიერის ანგარიში შეეხო დევნილთა საკითხსაც. მისი განცხადებით, 2025 წელს, მთლიანობაში, 4 636 ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი და სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
პრემიერმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ნარკოდანაშაულის ფაქტების აღკვეთაზეც.
,, ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები. მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი. ასევე, პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პრემიერმა სტრატეგიულ პარტინორებთან ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან მიღწეული პროგრესი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ცენტრალურ აზიაზე და შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე.
რაც შეეხება ამერიკასთან ურთიერთობას, მისი განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მიზანია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში.
,,საქართველოს პრემიერმა შთამბეჭდავი ანგარიში წარმოადგინა. აქ უნდა გამოვყოთ ქვეყნის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რომელიც გამოიხატა ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა მედიასთან საუბარში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ანგარიში განსაკუთრებით მოსკოვში მოეწონათ.
,, ეს იყო ზიზღის, ტყუილის, აგრესიის, გახლეჩის ანგარიში. ეს იყო ანგარიში, რომელიც არცერთ ქართულ ოჯახში არ მოეწონათ, მაგრამ მოეწონათ და უხარიათ მოსკოვში ჩვენს მტრებს, უხარიათ სოხუმსა და ცხინვალში სეპარატისტებს, ამ ქვეყნის ყველა მავნებელს, ვისაც უხარია დაჩაგრული, უძლური და კორუფციაში ჩაფლული საქართველოს ხილვა“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ (პარტია „ლელო“) წევრმა თამაზ დათუნაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარტია ,,გახარია საქართველოს“ წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციის წევრების ინფორმაციით, დაპირისპირების ინიციატორი მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ხელაძე იყო, რომელმაც პირველმა დაარტყა ხელი პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელ გიგა ფარულავას, ხოლო მმართველი გუნდის წევრების თქმით, გიორგი გახარიას გუნდს ,,ქართული ოცნების“ წევრების შეურაცხყოფა და პროვოცირება ჰქონდა დავალებული.
აღნიშნულ პროცესს სხდომათა დარბაზში თვალ-ყურს ადევნებდა პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. საბოლოოდ, გახარიას პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზი დატოვა.
თამარ ლამპარაძე